ახალი ამბები

მერაბიშვილის ბიძას ბრალი მხოლოდ ერთი მუხლით წარედგინა

16 დეკემბერი, 2012 • • 1179
მერაბიშვილის ბიძას ბრალი მხოლოდ ერთი მუხლით წარედგინა

“გუშინ გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებით, ბატონ ლევან თუმანიშვილს ბრალი მხოლოდ 210–ე მუხლით წარედგინა, რაც ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გამოყენებას გულისხმობს და არა დამზადებას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალი უნდა წარდგენოდა  303–ე მუხლით, დაკავების ოქმიც ამ მუხლით იყო, რაც ხე–ტყის უკანონო ჭრას გულისხმობს, მაგრამ ეს მუხლი არ წარდგენია” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძემ, დაკავებულის ადვოკატმა.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო პრესამსახურში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ  თუმანიშვილს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, 210–ე მუხლის მეორე ნაწილით. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და  გამოძიების მომდევნო ეტაპზე თუმანიშვილს 303-ე მუხლითაც წარუდგენენ ბრალს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 დეკემბერს საქართველოს ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრის, ამჟამად კი “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ბიძა ლევან თუმანიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ხე- ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე- ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/ გამოყენების ფაქტებზე.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, მისი საწარმოს, შპს “ტაოს” თანამშრომლები სამცხე- ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხე- ტყეს და  მწვანე ნარგავებს, რის შემდეგაც მოპოვებული ხე- მასალა მიჰქონდათ მის კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში.  

 

“ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 150 000 ლარით განისაზღვრა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ლ.თუმანიშვილი მოპოვებული სამასალე მერქნის რეალიზაციის დროს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადების გზით, სისტემატურად ზრდიდა მიღებული შემოსავლების ხარჯებს, რითაც თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას,”  – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით და 210–ე მუხლის მეორე ნაწილით. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი