ახალი ამბები

თეა წულუკიანი: დროებითი მინისტრი ვარ

16 დეკემბერი, 2012 •
თეა წულუკიანი: დროებითი მინისტრი ვარ

იგი ამბობს, რომ მიზანი, რომლის გამოც დაბრუნდა საფრანგეთიდან საქართველოში, უკვე მიღწეულია:

 

“ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი მიღწეულია, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ისე დამარცხება, რომ მე არ მგონია, რომ მათ პოლიტიკური მომავალი უმრავლესობაში ჰქონდეთ და ეს მე ძალიან მახარებს. ამისთვის ჩამოვედი მე საქართველოში”.

 

მისი თქმით, ის საქართველოში მოკლე დროის განმავლობაში დარჩება:

 

“ჩემი პატარა მიზანი, რაც დამრჩა იმ მოკლე დროის განმავლობაში, რაც აქ დავრჩები, არის შემდეგი – იმ სამინისტროში, რომელიც მე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული ნდობა გამომიცხადა და ჩამაბარა, რამდენიმე სერიოზული რეფორმა განვახორციელო დანაშაულის პრევენციის კუთხით”.

 

ეს განცხადებები იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “პრეს-პრესში” გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” წევრი თეა წულუკიანი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, თუმცა იგი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა, რის შემდეგაც  მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

 

თეა წულუკიანი საქართველოში 2010 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა, მანამდე ცხოვრობდა და მუშაობდა საფრანგეთში. იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი