სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ნაწილობრივ იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, 2011 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  დააკმაყოფილა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია”, საქართველოს მოქალაქეების _ ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკავას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მოქალაქეების დაჩი ცაგურიასა და ჯაბა ჯიშკარიანის, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელები და კონსტიტუციის შეუსაბამოდ მიიჩნია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი ნორმები, მათ შორის ის ნორმებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს უზღუდავდა უფლებას ყოფილიყო შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული შეზღუდვის ქვეშ ექცეოდნენ როგორც საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები (აპატრიდები), ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და ახლებურად ჩამოყალიბა დასახელებული კანონის მე–5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელმაც შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებად ყოფნის აკრძალვა ამჯერად მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაადგინა.

 

მოსარჩელემ, მოლდავეთის მოქალაქე მარიანა კიკუმ, აღნიშნული ნორმა გაასაჩივრა და მიიჩნია, რომ სადავო დებულება ნაწილობრივ იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით (N2/482,483,487,502) არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული დებულების არაკონსტიტუციურად ცნობა.

 

სასამართლოს ცნობით, მოპასუხე მხარემ – საქართველოს პარლამენტმა სცნო კონსტიტუციური სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო დებულება პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი განმარტების შედეგად იქნა მიღებული.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ( N2/482,483,487,502 ), არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონით გათვალისწინებული აკრძალვას ყველა იმ პირის მიმართ იყო დადგენილი, რომლებსაც არა გააჩნდათ საქართველოს მოქალაქეობა: იგი შეეხებოდა არა მხოლოდ აპატრიდებს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. ამდენად, სადავოდ ნორმა ნაწილობრივ იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს.

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, სასამართლოს გამოქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის (ან მისი ნაწილის) ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა  მოსარჩელის მოთხოვნა და ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, სადავო ნორმა გამოაცხადა ძალადაკარგულად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *