სტუდენტები ბოლო დროს სოფელ ნიგვზიანში და წინწყაროში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.
‘სხვასაც აცადე ლოცვა’, ‘გიყვარდეს მოყვასი შენი’, ეს სლოგანები სტუდენტებმა ტრანსპარანტებზე დაწერეს. მსგავსი სლოგანები ეწერა ფერად ფურცლებზეც, რომელსაც აქციის მონაწილეები მსვლელობისას შემხვედრ ხალხს ურიგებდნენ.
სტუდენტების განცხადებით, ყველა რელიგია ადამიანს სიყვარულისკენ მოუწოდებს და რელიგიური კუთხით ადამიანების ჩაგვრა არ უნდა ხდებოდეს:
“ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, მიუხედავად ჩვენი აღმსარებლობისა და პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის რწმენას. ჩვენ სიმბოლურად გამოვიარეთ ლესელიძის ქუჩა, რადგან ამ ადგილებში თავმოყრილია მეჩეთი, სომხური და ქართული ეკლესიები, სინაგოგა და სხვადასხვა სამლოცველოები”, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ თათია გოგალაძემ.
აქციის მონაწილეებმა მეჩეთთან მისვლის შემდეგ სიმბოლურად თეთრი მტრედი გაუშვეს.
