“დღეს ჩვენ ვიმყოფებით წინწყაროში, მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მივულოცო, რომ შეთანხმება მიღწეულია და მისასალმებელია, რომ ეს შეთანხმება შედგა მუსლიმებს და არამუსლიმებს შორის.
ჩემთვის, როგორც ამერიკის მოქალაქისთვის, აქ ყოფნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რელიგიური თავისუფლების თემა ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ წინწყაროში, მსგავსი რელიგიური დაპირისპირება იყო ნიგვზიანშიც, ეს ფაქტი იწვევს შეშფოთებას და ის, რომ ოცი წლის წინ გარკვეულ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, “საქართველო ქართველებისთვის” – მართლა შესაძლოა ძალადობაც კი გამოიწვიოს”,-განაცხადა ნორლანდმა დღეს წინწყაროში.
დღეს მუსლიმებს პარასკევის ტრადიციული ლოცვის საშუალება მიეცათ. ადგილობრივი ქრისტიანების ის ნაწილი, რომელიც მუსლიმთა ღვთისმსახურებას ხელს უშლიდა მიმდინარე თვის მანძილზე, დღეს სალოცავთან არ გამოჩენილან.
დღესვე სოფელ წინწყაროში აშშ-ის ელჩთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.
რელიგიური დაპირისპირება დაახლოებით ერთი თვის წინ სოფელ ნიგვზიანში დაიწყო, სადაც იქ მცხოვრები ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმ მრევლს ლოცვის საშუალებას არ აძლევდა. რელიგიური დაპირისპირების მეორე კერა ნიგვზიანის მოვლენებიდან მალევე გაჩნდა სოფელ წინწყაროში. აქაც, ნიგვზიანის მსგავსად, მუსლიმ მაცხოვრებლებს ქრისტიანი მაცხოვრებლები ღვთისმსახურების შესაძლებლობას უზღუდავდნენ.