პრემიერის თქმით, “ფარულ მოსმენებზე” კანონპროექტს პირველადი სახით მიიღებენ

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს და ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონპროექტს ისევ იმ სახით მიიღებენ, რომლითაც თავიდან შევიდა პარლამენტში.

“ძალიან ყურადღებით განვიხილეთ პრეზიდენტის შენიშნვები. ვფიქრობთ, არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ–მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომელზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში. განსაკუთრებული, თვისობრივი ცვლილება ამით ვერ მოხდებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ისევ იმ სახით გავიტანთ კანმონპროექტს, რომლითაც თავიდან მიიღო პარლამენტმა,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღეს, 22 მარტს პარლამენტი “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შასახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 

 


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.