ახალი ამბები

რატომ ამკაცრებს პარლამენტი აუდიტის სამსახურზე კონტროლს [Video]

11 დეკემბერი, 2012 • 962
რატომ ამკაცრებს პარლამენტი აუდიტის სამსახურზე კონტროლს [Video]

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კომიტეტის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო–ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის აუდიტის და შიდა კონტროლის ხარისხის პროცედურების შემოწმების უფლება ექნება. აქამდე მოქმედი კანონით მხოლოდ სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის აუდიტი ხორციელდებოდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით მელიქიშვილის აზრით, აღნიშნული ცვლილება აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხს ზღუდავს:

 

“ის, რომ თავიდან იყო განცხადებები გაკეთებული, რომ აღნიშნული კეთდება და არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, დღევანდელმა მსჯელობამაც ცხადყო, რომ უშუალოდ აღნიშნული ცვლილება ატარებს პოლიტიკურ ელფერს.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის წევრის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ცვლილებები აბსოლუტურად მისაღებია საერთაშორისო სტანდარტებით:

“ნაციონალურ მოძრაობას სურდა, რომელმაც თავისი ერთ–ერთი წამყვანი წევრი დანიშნეს – ქალბატონი მოგელაძე ისევ მუშაობს, თურმე პარლამენტს აღარც უფლება უნდა ჰქონდეს, რომ რაღაც მინიმალური საქმიანობის ნაწილი შეამოწმოს, ამიტომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია უმრავლესობისათვის”.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – დავით ონოფრიშვილი და ნოდარ ებანოიძე. პროექტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობას ამოწმებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია.

 

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ ამით საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობა ექნება, სრულყოფილად გააკონტროლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს დროებითი კომისიის შექმნას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესამოწმებლად, თუმცა დღეს მოქმედი კანონით პარლამენტს შეუძლია მხოლოდ ამ სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება. 

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად,  საქართველოს კონტროლის პალატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნა, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარეს გენერალური აუდიტორი ეწოდა. ამავე უწყებაში საქმიანობს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას სწავლობს და რომლის მიმართვის საფუძველზე 2012 წლის არჩევნების პერიოდში სოლიდური თანხებით არაერთხელ დაჯარიმდნენ მაშინდელი ოპოზიციური, ამჟამად კი მმართველი კოალიციის შემადგენელი პარტიები.

მასალების გადაბეჭდვის წესი