უჩა ნანუაშვილმა ზოგადად მიმოიხილა ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება. მისი თქმით, წამება და არაადამიანური მოპყრობა ქართულ ციხეებში წლების მანძილზე არსებობდა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა მოხდეს ამ ადამიანთა რეაბილიტაცია–რესოციალიზაცია.
“მე, როგორც სახალხო დამცველი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყანაში აღარ ხდებოდეს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის ოფისის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია იმნაძემ კი დეტალურად ისაუბრა სპეციალურ ანგარიშზე, რომელშიც ასახულია ციხეებში 2012 წლის 18 სექტემბრიდან – ნოემბრამდე არსებული სიტუაცია. ეს ის პერიოდია, როცა ციხეში წამების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა, რასაც მოჰყვა დაძაბულობა ციხეებში, მაღალჩინოსნების დაკავება და არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლა.
ომბუდსმენის ოფისის სპეციალურ ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში მიუთითებდა წლების მანძილზე პატიმართა მიმართ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე, პროკურატურის მხრიდან გამოძიება, როგორც ყოველთვის, აღნიშნულ საქმეზე შემოიფარგლებოდა ფორმალური მოკვლევით და ამას არანაირი შედეგი არ ჰქონდა.
ომბუდსმენის ოფისის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნათია იმნაძის განცხადებით, 18 სექტემბერს პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებას მოჰყვა დაძაბულობა ციხეებში და გაჩნდა სპეციალური მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობა. იმნაძის თქმით, პატიმართა წამებაში მხილებული პირების დაკავების შემდეგ სიტუაცია დარეგულირდა, რასაც ხელი ასევე შეუწყო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებებისა და ამნისტიის მოლოდინმა.