ახალი ამბები

კახიძე: ქართული ოცნება ცდილობს ოკუპანტ სახელმწიფოს დისკომფორტი არ შეუქმნას

16 მარტი, 2017 • 1906
კახიძე: ქართული ოცნება ცდილობს ოკუპანტ სახელმწიფოს დისკომფორტი არ შეუქმნას

საპარლამენტო უმცირესობა გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალის რეგიონის სამხედრო სივრცეში ფორმალური ინტეგრირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და საქართველოს მთავრობის პასიურობის გამო შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოთარ კახიძემ განაცხადა.

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ამ ნაბიჯით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მტრული დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ შეცვლილა:

“ამასთან ერთად, გამოვხატავთ შეშფოთებას ამ სახიფათო ნაბიჯების შესაჩერებლად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯების და ზოგადად უმაღლეს დონეზე მთავრობის პასიურობის გამო,” -ამბობს კახიძე.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების ფონზე, საქართველოს პრემიერ- მინისტრს არცერთო ვიზიტი განუხორციელებია რომელიმე  მნიშვნელოვან დედაქალაქში:

“არ დაურეკავს არც ერთ მსოფლიო ლიდერთან. ამგვარი პასიურობა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საპირისპიროა და ხელს აძლევს მხოლოდ ოკუპანტს. “ქართული ოცნება” აგრძელებს დამღუპველ საგარეო პოლიტიკას და დაჟინებით ცდილობს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთს, არ შეუქმნას დისკომფორტი. ამის შედეგია სწორედ ის რომ როცა მსოფლიო ლიდერები საუბრობენ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე, ისინი თითქმის აღარ ახსენებენ საქართველოს.”

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მთავრობამ, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა და ეს გადაწყვეტილება დაგმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი