დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ციხეებში მონიტორინგის საბჭოზეც ისაუბრა.
“მონიტორინგის მექანიზმის ის ფორმა, რომელიც დღეს არსებობს, არის წინა მინისტრის მიერ შექმნილი და დღეს უმრავი ადამიანისგან ვისმენ პრეტენზიას იმის შესახებ, რატომ არ არიან ისინიც ამ ჯგუფში. არის პრეტენზიები ჟურნალისტებისგანაც. ბუნებრივია, ყველა ვერ შევა, მაგრამ ეს ჯგუფი ვინაიდან ჩემი შექმნილი არ არის, არ გავაუქმებ, კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს ამან.”
ამის მიუხედავად, მინისტრი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის საბჭოს მუშაობა კვლავაც გაგრძელდება, თუმცა სამინისტროს დაქვემდებარებაში არ უნდა ფუნქციონირებდეს.
სუბარი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის საბჭომ დადებითი როლი შეასრულა, რადგან, მისი თქმით, სრულიად განსხვავებული ადამიანები შედიან ციხეებში და ერთი ინფორმაცია გამოაქვთ იქ არსებული ვითარების შესახებ.
თუმცა მინისტრი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს უფრო მაღალი სტანდარტი, გამოცდილი ადამიანები უნდა შედიოდნენ ამ ჯგუფში და საბჭოს წევრებმა უნდა იცოდნენ კარგად, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მონიტორინგის დროს.
როგორც მინისტრი ამბობს, ყველა ამ მექანიზმს სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან ერთად შეიმუშვებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მონიტორინგის საბჭოს მიმართ სამინისტროს კონტროლი მაქსიმალურდ ნაკლები იყოს.
სოზარ სუბარმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსთავის ქალთა დაწესებულებაზეც და თქვა, რომ დღეს 7 წამყვანი კლინიკის მედიკოსები საკუთარი აპარატურით პატიმრებს სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის, მამოლოგია, ონკოლოგია) გამოიკვლევენ.
“ერთი კვირის შემდეგ კიდევ განმეორდება ასეთი კვლვევები, რის შემდეგაც ბევრი პატიმარი ქალის გათავისუფლება მოხდება. დანიშნულების შესაბამისად კი, ეს ადამიანები მკურნალობას გარეთაც შეძლებენ.”
