ახალი ამბები

მერაბიშვილი მის დაკითხვას ლოგიკურად მიიჩნევს

7 დეკემბერი, 2012 • • 1290
მერაბიშვილი მის დაკითხვას ლოგიკურად მიიჩნევს

ვანო მერაბიშვილს შს სამინისტროში დღეს, ზუსტად 12 საათზე გამოცხადდა. მერაბიშვილი დაკითხვაზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს  ძველი შენობის გვერდით მდებარე ე.წ. მეთორმეტე ოთახში დაიბარეს. 

 

“თავისთავად ის ფაქტი, რომ გუშინწინ პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლის საფუძველზეც პოლიტპატიმრებად აღიარა რუსეთის სპეცსამსახურის აგენტები და ის ადამიანები, და ის ტერიტორისტები, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და  აპირებენ მათ გათავისუფლებას. შესაბამისად, ლოგიკიდან გამომდინარე, ძალიან ბუნებრივია, რომ ის ადამიანი, ვინც მათ ებრძოდა, დადიოდეს დაკითხვაზე”,- განაცხადა დაკითხვამდე მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

 

ამ დროისთვის ორთაჭალაში მერაბიშვილის დაკითხვიდან გამოსვლას ელოდება ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელი- ლევან თარხნიშვილი და კობა ხაბაზი. გარდა ამისა, პარტიის რამდენიმე მხარდამჭერია შს სამინისტროს შენობასთან, სადაც მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. მათ შორის გიგა ნასარიძე.

 

ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი შს სამინისტროში დაკითხვაზე პირველ დეკემბერს გამოცხადდა პირველად. 

 

შეგახსენებთ, რომ შსს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.დღეს, ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

 

სამინისტრომ მერაბიშვილის დაკითხვის პირველსავე დღეს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი კიდევ ერთხელ დაიკითხებოდა:

 

” შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. მან სცადა უარეყო გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტები, რის გამოც გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხებიან საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილი”.–ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებლ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი