ახალი ამბები

პარლამენტმა პოლიტპატიმრების სია დაამტკიცა

5 დეკემბერი, 2012 • 4242
პარლამენტმა პოლიტპატიმრების სია დაამტკიცა

პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა სიაში შესული ბოლო ცვლილებების შესახებ პარლამენტში მის კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. აღნიშნული სიიდან ამოიღეს 18 პირი, მათ შორის ტერორიზმით ბრალდებით გასამართლებულები (ე. წ. კოჭოიას საქმე), თუმცა, 28  დაემატა.

 

პოლიტპატიმართა სიის ავტორი არასამთავრობოები და დეპუტატები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებისას სამუშაო ჯგუფი დაეყრდნო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია #1900–ს, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პატიმრად პირის მიჩნევის კრიტერიუმებს. აღნიშნული რეზოლუცია არ ითავლისწინებს ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულ პირთა მიჩნევას პოლიტპატიმრად.  რეზოლუციის მეოთხე პუნქტში წერია: “ტერორისტული დანაშაულისათვის თავისუფლებააღკვეთილი პირები არ უნდა განიხილებოდნენ პოლიტიკურ პატიმრებად, თუ ისინი გასამართლებული და პატიმრობამისჯილ იქნენ ამგვარი დანაშაულებისათვის, რომლებსაც ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია”. 

მიუხედვად აღნიშნულისა, პოლიტპატიმართა სიის ავტორები ვერანაირ წინააღმდოგობას ვერ ხედავდნენ პოლიტდევნილთა სიის შემადგენლობასა და #1900 რეზოლუციას შორის.

სიის ერთ–ერთი ავტორი ნანა კაკაბაძე რამდენიმე კვირის წინ ამბობდა,  რომ ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული დავით კეკუტია, გოჩა ხურცილავა, გოდერძი არქანია, მამუკა შონია, მერაბ ყოლბაია, ლაშა არქანია და მალხაზ არქანია არ არიან გასამართლებული სამართლიანი სასამართლოს მიერ და, შესაბამისად, ისინი სრულად აკმაყოფილებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 რეზოლუციის კრიტერიუმებს.

პოლიტპატიმართა სიის საბოლო ვერსიაში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულთა სახელები ამოღებულია. სიიდან ასევე ამოიღეს ირაკლი ოქრუაშვილის თანამოაზრეები -შალვა საბაშვილი, ლევან და კახა ტერაშვილები, რომლებიც 2011 წლის ზაფხულში დააკავეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრობის ბრალდებით. ამ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა სხვა პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს.

პოლიტპატიმართა სიაში ჩამატებული 18 პირიდან რამდენიმე გახმაურებული საქმის მონაწილეა. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი რევაზ მუმლაძე. ის 2011 წელს გადასახადისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავეს.

სიაში ახლად დამატებულთა შორისაა 2011 წლის 22 მაისს “სახალხო კრების” მიერ თბილისში, კოსტავას გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებული მამუკა ნემსიწვერიძე. მაშინ, გამთენიისას აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ და დააზიანეს სამართალდამცავთა ავტომობილს, რომელიც აქციაზე მოულოდნელად გამოჩნდა. ფიზიკური დაზიანება მიიღეს პოლიციელებმაც.

პოლიტპატიმართა სიას დღეს დაემატა გენერალ სერგო თეთრაძესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული  დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი, ასევე, ბენზინგასამართ სადგურ “მაგნატის” მფლობელი ჯემალ ლეონიძე.

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობისგან ითხოვდა, სიიდან ამოეღოთ მუხროვანის ამბოხის მონაწილეთა სახელები, თუმცა ეს მოთხოვა არ გაითვალისწინეს.

“იქნებ ერთ რამეზე მაინც შევთანხმდეთ, მუხროვანის ხალხს, ამ ადამიანებს ნუ გამოიყვანთ ასეთ გმირებად . ოთანაძემ ეს  გააკეთა შევარდნაძის დროს, გააკეთა ჩვენ დროს, მაინცდამაინც გინდათ, თქვენ დროსაც გააკეთოს? გააკეთებს აუცილებლად. ის თქვენიანი არაა?

ამ კაცმა მე  ერთხელ პირისპირ მითხრა, მე ვარ რუსების კაცი. მე შემიძლია დაგილაგოთ ურთიერთობა, მომეცით ალფა ისევ, როგორც მქონდა და დავალაგებ ურთიერთობას ამ მიმართულებით რუსეთთან

ეგ გინდათ? გინდათ, რომ რუსეთთან და ალფასთან დაგილაგოთ  ურთიერთობა? ეს ადამიანი არის რეციდივისტი საკუთარ სამშობლოსთან ბრძოლაში. რატომ უნდა გამოვუშვათ ციხიდან, გამაგებინეთ რა”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ.

 

ცხარე დებატები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის პოლიტპატიმართა საკითხზე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დადგენილებას პარლამენტში მხოლოდ 14 მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

 

პარლამენტის სხდომაზე პოლიტპატიმრების თემაზე სიტყვით გამოსვლისას  უმცირესობის წევრმა ჩიორა თქთაქიშვილმა ეკა ბესელიას საკუთარი საადვოკატო ბიუროს კლიენტების ლობირებაში დასდო ბრალი:

“პირადად თქვენ, ქალბატონო ეკა, ან თქვენს იურიდიულ ფირმას აქვს თუ არა მიღებული ანაზღაურება 215 პატიმრიდან, რომელიმე მათგანიდან თქვენ მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურად, რადგან სია 167 ე.წ. პოლიტპატიმრისა განთავსებული არის თქვენი კერძო იურიდიული ფირმის საიტზე.
თქვენ ამ საქმიანობას ეწევით ანაზღაურების საფუძველზე და ამიტომ გთხოვთ, საზოგადოებას გასცეთ ამ კითხვაზე პასუხი”.

 

აღნიშნული კითხვის ფინანსურ ნაწილზე ბესელიას თავისი გამოსვლის დროს არაფერი უთქვამს, თუმცა სიაზე, რომლიც მისი კომპანიის ვებგვერდზე ნამდვილად არის გამოქვეყნებული, განმარტება გააკეთა: “ის 175- კაციანი სია, სხვათა შორის, ჩვენი ექსკლუზივი კი არ არის. იმ სიაზე უფლებადამცველების კომისია მუშაობდა 4 წლის განმავლობაში,  ქალბატონო ჩიორა, და ეგ უნდა გსმენოდათ თქვენ აქამდე. ის სია განთავსებული იყო  და ყველგან თავსდებოდა, ვისაც კი შეეძლო  უფლებადამცველებს, რომ  განსაჯაროებულიყო და ყველგან ეთქვათ, რომ პოლიტიკური პატიმრები იყვნენ გაცილებით მეტი. “

მასალების გადაბეჭდვის წესი