ახალი ამბები

თაქთაქიშვილი ბესელიას: უერთდებით სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ნაცისტურ იდეოლოგიას?

5 დეკემბერი, 2012 • 1397
თაქთაქიშვილი ბესელიას: უერთდებით სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ნაცისტურ იდეოლოგიას?

“უერთდებით თუ არა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ნაცისტურ იდეოლოგიას, მაშინ, როდესაც გვთავაზობთ, საქართველოს პარლამენტმა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები აღიაროს პოლიტიკურ პატიმრებად?”

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სახალხო მართლამიდებლური მოძრაობის წევრები ნამდვილად პოლიტიკური პატიმრები არიან:

“აი, მაგალითი როგორ აზროვნებს უმცირესობის წარმომადგენელი, მათ შორის ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახლავთ. ნაცისტური იდეოლოგიაა თურმე, ადამიანები თავის რწმენას და თავის დამოკიდებულებას აღმსარებლობის მიმართ რომ გამოხატავენ და ამბობენ, რომ ისინი არიან მართლმადიდებლები. ისინი ნაცისტები არიან, თურმე, ქალბატონი ჩიორას აზრით.
რა თქმა უნდა, არასოდეს არ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რა თმა უნდა, მიმაჩნია, რომ ისინი არიან დაკავებული პოლიტიკური ნიშნით და, რა თქმა უნდა, უნდა გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ბესელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა სიაში, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, შეყვანილია სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის 8 წევრი: აფხაიძე შოთა, ბლიაძე ზვიადი, ჩაჩუა ლევანი, შალამბერიძე დავითი, გაბედავა გიორგი, მაისურაძე რატი, გურჩიანი ჯაბა, ზუმბაძე ავთანდილი. ისინი სასჯელს იხდიან სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ხულიგნობა) დარღვევისთვის. სასამართლომ თითოეულ მათგანს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მათი საქმე უკავშირდება 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მმკ-სა და სმმ-ს (”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”) წევრების მიერ სკანდალის მოწყობას. პირდაპირი ეთერის ჩაშლას წინ უსწრებდა ამავე გაერთიანებების მიერ იმავე დღეს ილიას  უნივერსიტეტის წინ ”საიდუმლო სირობის” საწინააღმდეგო აქციის გამართვა, რა დროსაც მმკ-ს წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტის წინ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები სწორედ ამ საკითხისადმი მიძღვნილ თოქ-შოუს ესწრებოდნენ ტელეკომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი