ახალი ამბები

უმცირესობა რელიგიური კონფლიქტისადმი მთავრობის დამოკიდებულებას აკრიტიკებს

5 დეკემბერი, 2012 • 939
უმცირესობა რელიგიური კონფლიქტისადმი მთავრობის დამოკიდებულებას აკრიტიკებს

“ჩვენ ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჩვენ ვნახეთ ახალი ხელისუფლების რეაქცია ამ ძლადობაზე, ზოგადად, ამ ინციდენტებზე. ჩვენ ვნახეთ, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ეს არის ხელოვნურად ინსპირირებული კონფლიქტი და სინამდვილეში იქ არანაირი სერიოზული პრობლემა არ არსებობს და მათ შორის ბრალი დადო “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინსპირირებული. ჩვენ ვნახეთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ თურმე ასეთი ტიპის კონფლიქტები და დავები როდესაც არსებობს, ეს უნდა გადაწყდეს თვითონ რელიგიურ კონფესიებს შორის, თითქოს აქ საუბარი იყოს რაღაც თეოლოგიურ საკითხებზე დავებზე.”

 

ჯაფარიძე ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ორი წევრის, ვიქტორ ჯაფარიძისა და სოსო ჯაჭვლიანის წინყაროში ვიზიტს:

 

“გუშინ გავრცელდა კადრები, რომელიც მე ვნახე, როდესაც უმრავლესობის ორი წარმომადგენელი ჩასული იყო წინწყაროში და მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ორი დეპუტატი მაინცდამაინც გამოირჩევა შემწყნარებლური მსოფლმხედველობით. მე პირადად მახსოვს ერთ–ერთი მათგანის საკმაოდ ფაშისტური განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიის და არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ასევე ამ კადრებში ვნახეთ, რომ უმრავლესობის ერთ–ერთი დეპუტატი კვერს უკრავს ერთ–ერთ ადგილობრივ მოსახლეს, როდესაც ის ამბობს, რომ თუ მუსლიმური თემის წარმომადგენლები გააგრძელებენ საკუთარი რელიგიური რიტუალების შესრულებას, ამას შეიძლება მოყვეს სისხლისღვრა და ის ამაზე ეთანხმება და ამბობს, რომ გარდაუვალია .”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მოსაზრებით, ახალი ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შეიძლება ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე:

 

“მე მაინტერესებს, რა არის ეს, ეს არის უბრალოდ დაცინვა ჩვენი მუსლიმი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან მუსლიმურ თემს და რომლებსაც არ აძლევენ საშუალებას, რომ ელემენტარულად აღასრულონ საკუთრი რელიგიური რიტუალი, თუ ეს არის ზოგადად ახალი ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ძალიან საშიში საკითხის მიმართ, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს არა უბრალოდ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთლობისათვის ზიანის მიყენება, არამედ შეიძლება მოჰყვეს გამოუსწორებელი, მე ვიტყოდი, კატასტროფული შედეგები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც”.

ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლებას რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვისკენ და მათი უფლებების დამრღვევების დაპატიმრება მოუწოდა:

 

“მე მინდა შევახსენო ახალ ხელისუფლებას და შევახსენო აქ მსხდომ უმრავლესობის წევრებს, რომ აღმსარებლობის თავისუფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის, მე მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ შეეშვათ ამ საკითხისადმი აგდებულ და ზერელე დამოკიდებულებას და მიიღოთ დროული და ქმედითი ზომები იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელ კონფესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ის, ჰქონდეს უფლება თავისუფლად, ხელის შეშლის და ძალადობის გარეშე აღასრულოს საკუთარი რელიგიური რიტუალები და ამავე დროს დასჯილი იყოს ყველა ის პირი, ვინც ხელს შეუშლის და დაარღვევს ასეთ უფლებას, მიუხედავად იმისა, ეს დამრღვევები რომელ კონფესიას არ უნდა მიეკუთვნებოდეს ის, იქნება ეს დომუნანტური კონფესია, თუ ნაკლებად დომინანტური.”

შეგახსენებთ, რომ წინწყაროში კონფლიქტი ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის წინ უძღვოდა სოფლის სასაფლაოზე მომხდარი ინციდენტი.

 

სოფლის სასაფლაო 2 წლის წინ ქრისტიანებისთვის და მუსლიმებისთვის ცალ-ცალკე შემოსაზღვრეს. რამდენიმე თვის წინ კი სასაფლაოს საერთო ჭიშკარზე მუსლიმებს აღმართული ჯვრები დახვდათ. წალკის რეგიონის მუფთის თქმით, აღნიშნული ფაქტი მუსლიმთა შეურაცხყოფა იყო, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ და როდის ჩამოხსნა სასაფლაოს ჭიშკრიდან ჯვრები.

წინწყაროს ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმებთან დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ ფაქტს ასახელებდა და აცხადებდა, რომ მუსლიმებმა ასეთი ქცევით ისინი შეურაცხყვეს და სამაგიეროს იმით გადაუხდიან, რომ არ მისცემენ ნებას, სამლოცველოში ილოცონ.

თუმცა, როგორც შემდეგ ირკვევა, წინწყაროში მცხოვრები ქრისტიანები ზოგადად არიან იმის წინააღმდეგი, რომ სოფელში მუსლიმური მრევლისთვის რაიმე სამლოცველო არსებობდეს.

 

გუშინ სოფელში ჩასულ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ ისინი მუსლიმების მიერ პარასკევის ლოცვას ხელს შუუშლიან. როგორც ერთ–ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, სოფელში სისხლი დაიღვრება, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სისხლისღვრა გარდაუვალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი