ახალი ამბები

პრემიერი: არავის უნდა შერჩეს პროვოკაცია ბათუმში, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა

14 მარტი, 2017 • 1350
პრემიერი: არავის უნდა შერჩეს პროვოკაცია ბათუმში, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა

მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში კვირას განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და სამართალდამცავ უწყებებსა და აჭარის მთავრობას მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა:

“მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს მათი მოზომილი, შეწყობილი მოქმედებების შედეგად, ჩვენ შეძელით, რომ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას თავი ავარიდეთ და მართლაც და ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა, რომ პოლიციელებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართლი იყო მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის. აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმოადგენლებს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა და თქვა, რომ გამოძიება გაგრძელდება:

“გამოძიება მიმდინარეობს და არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. მინდა ვთქვა, რომ გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა” – თქვა გიორგი კვირკაშვილმა.

ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები  ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაზე ისმოდა შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეებმა დაწვეს პოლიციის ავტომობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი