ახალი ამბები

ეფუძნება თუ არა საზოგადოების აზრს პარლამენტის ადგილმდებარეობის მორიგი ცვლა

4 დეკემბერი, 2012 • • 1559
ეფუძნება თუ არა საზოგადოების აზრს პარლამენტის ადგილმდებარეობის მორიგი ცვლა

საქართველოს პარლამენტის 80 დეპუტატია ინიციატორი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის ავტორობით მომზადებული საკონსტუტიციო ცვლილებების პროექტის, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციიდან 481 მუხლის ამოღებას, რაც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელს. ასეთ ადგილსამყოფელ ადგილად კი ქუთაისია მითითებული.

 

დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა აკრიტიკებდა პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანას და ამას უწოდება ერთი კაცის – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას. ითვალისწინებენ თუ არა სააკაშვილის კრიტიკოსები საზოგადოების აზრს, როდესაც პარლამენტის ისევ თბილისში დაბრუნება სურთ?

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უმრავლესობას არ ჩაუტარებია და მის საჭიროებას ვერც ხედავს, რადგან ისედაც არსებობს არგუმენტები პარლამენტის გადასატანად:


“კანონით, არ შეიძლება ქუთაისში განთავსებული იყო პარლამენტი, რადგან ექსპლოატაციაში არ არის მიღებული შენობა, მუშაობის პირობებიც არ არის, გარდა ამისა, საჭიროა თანხები, რათა ეს შენობა დასრულდეს, ეს კი თანხის ფუჭი გადაყრაა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია დედაქალაქში და პარლამენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის. ეს არგუმენტები, ვფიქრობთ, საკამრისია იმისთვის, რომ ქუთაისი არ იყოს ერთადერთი ადგილი, სადაც პარლამენტი უნდა იყოს, არამედ იყოს ერთ–ერთი ადგილი”.


განსხვავებულად ფიქრობს უმრავლესობის ერთ–ერთი წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი. როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, ეს კონსტიტუციური საკითხია და ასეთი საკითხი ყოვეთვის ხალხში განსახილველად გამოდის:


“კონსტიტუციური საკითხი ქვეყნდება წინასწარ და ექნება ამას განხილვაც და კვლევაც, კონსტიტუციური საკითხები ასე იხილება, საზოგადოებრივი აზრის გარეშე ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას”.


ბერძენიშვილის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანით მიხეილ სააკაშვილმა დედაქალაქი დაჩაგრა:

 

“ჩვენ არ ვართმევთ უფლებას არც ქუთაისს, არც ბათუმს და არც სხვა ქალაქს, პარლამენტმა იქ ჩაატაროს სხდომები, მაგრამ დედაქალაქის დაჩაგვრა არის მორალური დანაშაული, პრეზიდენტმა დაჩაგრა თბილისი, როგორც ქალაქი, რომელიც ხმას არ აძლევდა. ახლა გაირკვა, რომ ქუთაისისც არ აძლევს ხმას,” – ამბობს ლევან ბერძენიშვილი. 


ბერძენიშვილს სხვა არგუმენტებიც აქვს, მაგალითად, გაუსაძლისი სამუშაო პირობები. მისივე თქმით, მინისტრს როცა იბარებენ, მოადგილეს გზავნის, რადგან 5-წუთიანი საკითხის გადაჭრისთვის ყოველდღე ვერ ივლის ქუთაისსა და თბილისს შორის.


ქუთაისის საპარლამენტო და მეორე დედაქალაქად ქცევის იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ეს დაპირება მან ქუთაისის ამომრჩეველს ჯერ კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს მისცა.


“ვარდების რევოლუციის” მიზანი იყო, რომ დაგვემთავრებინა საქართველოს ცენტრად და პერიფერიებად დაყოფა. პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლით სრულდება საქართველოს დაყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდ. ჩვენ არ ვართ კუთხეებად დაყოფილი ქვეყანა. ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო, ერთი საზოგადოება, სადაც ყველგან ცენტრია,” – ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა, სადაც დღევანდელი პარლამენტი მუშაობს.


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი თვლის, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა ქვეყნის განვითარებას ჭირდებოდა:


“სამუშაო პირობებზე წუწუნი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, თბილისს არაფერი აკლდება ამით. ვინც თქვა, რომ თბილისს ფუნქცია ეკარგება, ეს არის დაუსაბუთებელი აბსურდი, განვითარდებოდა ქუთაისი და ეს კარგი იყო ჩემი და თქვენი ქვეყნისათვის”.


დარჩიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივი აზრის გამოკითვა ჩატარდება, რომელიც პარლამენტის თბილისში დაბრუნების მიზანშეწონილობას დაადასტურებს, პირადად ის პოზიციას არ შეიცვლის საკითხთან დაკავშირებით:


“დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი აზრი და მისი გამოხატვის უფლება და არა იმის მიხედვით, უმრავლესობა რას გადაწყვეტს”.

 

ქუთაისის ყოფილი მერი და ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე ამბობს, რომ უმრავლესობის არგუმენტები ზედაპირულია და გადაწყვეტილების რეალური საფუძველი რევანშისტული მოსაზრებებია, რომ ყველა ის ინიციატივა და იდეა, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნოდა, იგნორირდეს:


“მინისტრებისთვის 230 კილომეტრის გავლა ყოველ ორ კვირაში თუ პრობლემაა და თუ ჩვენ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, სადაც მინისტრები კაბინეტურ სისტემაზე უნდა იყვნენ მიმაგრებული  და არცთუ დიდ ქვეყანაში ორ კვირაში ერთხელ არ მიდიოდნენ რეგიონებში, მაშინ ამ ფორმით ქვეყანა ვერ განვითარდება”.


მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შემთხვევაშიც კი, მას ვერავინ დაარწმუნებს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის სისწორეში:


“მე ამას ვამბობ, როგორც სუბიექტურად განწყობილი ადამიანი, ქუთაისელი ვარ და ჩემი ყველა პოლიტიკური მოტივაცია უკეთეს ქალაქს უკავშირდება”.


საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერა ჭირდება, ანუ საპარლამენტო უმრავლესობას ცვლილებების შესატანად უმცირესობის მხარდაჭერაც დაჭირდება:


“მე ძალიან  მინდა, რომ პროცესი შევიდეს ჩიხში და მჯერა ჩემი გუნდის მონოლითურობის, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეუვალი პოზიცია, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი უნდა იყოს ქუთაისში,” – განაცხდა გიორგი თევდორაძემ.

 

დღეს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” შეიქმნა ჯგუფი, სახელწოდებით – პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს, რომელშიც ამ დროისთვის 150-მდე ადამიანია გაერთიანებული.

 

“მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის შესაცვლელად და თბილისში დასაბრუნებლად კონსტიტუციაში ცვლილებებია საჭირო. კონსტიტუციურ ცვლილებას ე.წ. “საკონსტიტუციო უმრავლესობის” ნება ჭირდება, რაც დიდი ალბათობით ვერ შეგროვდება. 
თუმცა არსებობს შედარებით უფრო გრძელვადიანი და უფრო რეალუსტური გზა, რაც პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას რეფერენდუმით გულისხმობს…

 

… უმჯობესია ჩვენ, საზოგადოებამ, აქტიურობით ნება ახლა გამოვხატოთ და რეფერენდუმის დანიშვნის საკითხის დასმას აზრი დავუკარგოთ. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ დღეს საზოგადოების ის ჯგუფები უფრო აქტიურობენ, ვისაც პარლამენტის უკან დაბრუნება სურს”, – ნათქვამია ფეისბუქზე ჯგუფის შემქმნელი მომხმარებლის მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი