ახალი ამბები

ოხანაშვილის პასუხი საპატრიარქოს იურისტის ბრალდებაზე ციანიდის საქმესთან შესაძლო კავშირზე

13 მარტი, 2017 • 2106
ოხანაშვილის პასუხი საპატრიარქოს იურისტის ბრალდებაზე ციანიდის საქმესთან შესაძლო კავშირზე

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, იგი ვარაუდობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში თუ არის ეჭვმიტანილი პირების წრე,  ისინი გერმანიაში უნდა ყოფილიყვნენ და ერთ-ერთი პირი, რომელიც დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაახლოებული პირია, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილია.

“იგი თვითონ აცხადებდა, რომ შესაძლოა დააკავონ. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ჩვენთვისაც საინტერესოა, როგორც საზოგადოებისთვის, ისე ეკლესიისთვის – ჰქონდა თუ არა რაიმე პირთა ჯგუფს დანაშაულებრივ ქმედებასთან კავშირი და თუ ასეთი იყო, გამოაშკარავდეს”,- ამბობს ედიშერ ქარჩავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, სოსო ოხანაშვილს და დაკავებულ დეკანოზს გიორგი მამალაძეს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა კითხვაზე აქვს თუ არა სხვა ინფორმაცია სოსო ოხანაშვილის ჩართულობის შესახებ, გარდა იმისა, რომ მას მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა მამალაძესთან, ქარჩავა პასუხობს, რომ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს:

“არა, სხვა ინფორმაცია არ მაქვს, ეს დაყრდნობილია მხოლოდ იმ ვარაუდებზე რაც თვითონ განაცხადა “რუსთავი 2″-ის ეთერით და რა მასალებიც გამოქვეყნდა”.

ქარჩავა ამბობს, რომ გამოძიებამ ასევე დაკითხა დაკავებული დეკანოზის თანამშრომლები წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის საავადმყოფოდან.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მართლმადიდებელი პატრიარქის ილია მეორის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილსაც:

“არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. არ გავცნობივარ [მის ინტერვიუს], მაგრამ შორენას [თეთრუაშვილი] ადვოკატზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, რაც უნდა ილაპარაკონ და წერონ, ორივემ ერთად. დავამთავრე”,- ამბობს ოხანაშვილი.

სოსო ოხანაშვილი, რომელიც პატრიარქის დაცვას ხელმძღვანელობდა თანამდებობიდან ილია მეორის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მალევე გადადგა. მისი თქმით, იგი “უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას”  შეეწირა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი