ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, მამალაძეს ციანიდის ყიდვა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა

10 მარტი, 2017 • 4931
ადვოკატის თქმით, მამალაძეს ციანიდის ყიდვა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის მია ზოიძის თქმით, დეკანოზს ნივთიერება ციანიდის ყიდვა პატრიარქის მდივან-რეფერანტმა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა. განცხადება ამის შესახებ ზოიძემ დღეს, გადაცემა “რეაქციის” ეთერში გააკეთა. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ დეკანოზს ციანიდი არ შეუძენია.

ადვოკატებმა წაიკითხეს ასევე საქმეში არსებული ფარული ჩანაწერების გაშიფრული ტექსტები და ისინი ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების დამონტაჟებული ვერსიებიდან ამოჭრილია ის ნაწილები, სადაც პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე თავად საუბრობს შორენა თეთრუაშვილზე და ამბობს, რომ  ის “გასანეიტრალებელია”.


პროკურატურამ 8 მარტს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა და გაასაჯაროვა მტკიცებულებების ნაწილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, ორშაბათს, 13 მარტს, 10 საათიდან გაგრძელდება. როგორც დაკავებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, ბრალდებულის უფლებადამცველებს მთავარი პროკურატურისგან ამის შესახებ უკვე ეცნობათ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, პროკურატურამ 28 თებერვალს დაკითხა. დეკანოზი გიორგი მამალაძე მოითხოვდა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაცვა დაენიშნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პროკურატურას ჩვენებას აღარ მისცემდა.

ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გაასაჯაროვა. დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი