ახალი ამბები

სინოდის განჩინებით, მეუფე პეტრეს განცხადებები მიმართული იყო ეკლესიის დისკრედიტაციისკენ

9 მარტი, 2017 • 2221
სინოდის განჩინებით, მეუფე პეტრეს განცხადებები მიმართული იყო ეკლესიის დისკრედიტაციისკენ

საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებამ” ქორეპისკოპოსი შიო მუჯირის განცხადება გაავრცელა, სადაც ის სინოდის დღეს, 9 მარტს  მიღებულ განჩინებას კითხულობს. განჩინებაში ნათქვამია, რომ ილია მეორემ სხდომაზე მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ განცადებებს აკეთებენ – მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე კი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები:

“ამ საკითხთან სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს სასულიერო პირისთვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ საეკლესიო და სასულიერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას. საპასუხო სიტყვა მიეცა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას იგი შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს” – ამბობს მეუფე შიო.

მისი თქმით, სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე. ქორეპისკოპოსის თქმით, სინოდის წევრები ენდობიან გამოძიებას და იმედოვნებენ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება.

მეუფე პეტრე დღეს, 9 მარტს, სინოდის სხდომაზე საპატრიარქოს ტელევიზიის მმართველობას ჩამოაშორეს. დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების სათავე შორენა თეთრუაშვილია, რომელსაც, მისი თქმით, “განუსაზღვრელი ძალაუფლება” აქვს. მიტროპოლიტი პეტრე ტელევიზიის დირექტორის პოსტიდან დათხოვნას დირექტორის პოსტიდან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი