ახალი ამბები

ალიბეგაშვილი ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებზე – “ეს ორი კერძო სუბიექტის დავაა”

9 მარტი, 2017 • 7567
ალიბეგაშვილი ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებზე – “ეს ორი კერძო სუბიექტის დავაა”

სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა, საკრებულო კი პასუხისმგებლობას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან შუამდგომლობაზე აიღებს:

“მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, საკრებულო, ვიღებთ  პასუხისმგებლობას, რომ ყველა სტრუქტურასთან გავაკრვიოთ ის შესაძლებლობები, თუ რითი შეგვიძლია მათი დახმარება. ჩვენ ჩართულები ვიქნებით ამ პროცესებში და მაქსიმალურად  შევეცდებით დავეხმაროთ ჩვენი მხრიდან, რაც არის ჩვენზე დამოკიდებული,” – თქვა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მისი თქმით, დაზარალებულებს ხელშეკრულებები სახელმწიფოსთან არ ჰქონიათ და სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა. რაც შეეხება დაზარალებულების მოთხოვნებს, რომ საწყის ეტაპზე მინიმალური კომპენსაციის სახით, 5 000 ლარი მიეღოთ, ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნის შემდეგ კი დარჩენილი თანხაც ანაზღაურებულიყო – ალიბეგაშვილი ამბობს, რომ საკრებულო არ ფლობს ბიუჯეტს სოციალური დახმარებების გაცემისთვის და ეს მერიის კომპეტენციაა:

“საკრებულოს ბიუჯეტში იგულისხმება სახელფასო ფონდი, ამხელა შენობა ნაგებობისგადასახადები და ა.შ. საკრებულოს სხვა ბიუჯეტი არ გააჩნია. ის არ ფლობს იმ ბიუჯეტს, რომლითაც სოციალური დახმარებები [გაიცემა] კიბატონო, ეს ყველაფერი ეხება საკრებულოს მაგრამ ეს მთლიანად მერიის კომპეტენციაა. საკრებულოდან ისინი ვერაფერს მიიღებენ, ამიტომაა მათთვის არსებული ჩვენი შუამდგომლობა” – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მუნიციპალურ საკრებულოში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაზარალებულების სამუშაო ჯგუფთან მომდევნო კვირაში გამართავს შეხვედრებს. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ალიბეგაშივლის თქმით, დაზარალებულებს საკრებულომ სთხოვა დააზუსტონ იმ ადამიანების მონაცემები, რომლებსაც ხანძრის შედეგად ზარალი მიადგათ.

“საკრებულოს სხდომაზე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ უკვე სამშაბათს ოთხშაბათს გვექნება მუშა შეხვედრა. დღეს ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ მათაც გააკეთონ სამუშაო ჯგუფი, დააზუსტონ თავიანთი დაზარალებული მოსახლეობის ზუსტი მონაცემები. ეს მონაცემები მათაც არ იციან ზუსტად.  ჩვენ ხუთშაბათს გვექნება შეხვედრა ჩვენსა და მათ სამუშო ჯგუფებს. ჩვენ ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასთან გვექნება ურთიერთობა. რაც შეეხება ამ დახმარებას, ჯერჯერობით ჩვენ ამ დახმარებას ვერ გამოვკვეთთ, ვერ დავაზუსტებთ, ჩვენ უნდა შევხვდეთ და განვსაზღვროთ შესაძლებლობები, რომლითაც შეგვიძლია თანამოქალაქეებს დახმარება გავუწიოთ” – თქვა ალიბეგაშვილმა.

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი