ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან დაითხოვეს

9 მარტი, 2017 • 2201
მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან დაითხოვეს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებას” აღარ უხელმძღვანელებს. იგი სინოდის გადაწყვეტილებით დაითხოვეს დირექტორის პოსტიდან. მიტროპოლიტმა სინოდის სხდომა დატოვა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი საკითხი იყო მთავარი დღეს სინოდის სხდომაზე. მას ასევე მისცეს გაფრთხილება.

“მირჩევნია დავისაჯო სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე,” – განუცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, დამატებითი განცხადებები ამ საკითხზე მოგვიანებით სხვა მიტროპოლიტებისგან გაკეთდება.

“ამ არსებულ პრობლემებში, ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა,” – მიიჩნევს მიტროპოლიტი პეტრე.

საქართველოს  საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 2008 წლის, 23 ნოემბერს ილია II-ის  ლოცვა-კურთხევით დაარსდა.

დღეს, 9 მარტს სინოდის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების სათავე შორენა თეთრუაშვილია, რომელსაც, მისი თქმით, “განუსაზღვრელი ძალაუფლება” აქვს. მიტროპოლიტი პეტრე მის დათხოვნას დირექტორის პოსტიდან უკავშირებს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი