ახალი ამბები

‘ნაციონალების’ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს

30 ნოემბერი, 2012 •
‘ნაციონალების’ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვ.გ-ს განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა მიაყენეს მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის 1 იანვარს ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო: ვ. გ. დ. მ. და გ.კ. ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა და პოლიციის სხვა მუშაკებმა გადაიყვანეს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში. მიყვანის შემდეგ ხსენებული პირები გადაანაწილეს სხვადასხვა ოთახებში, ხოლო ვ. გ. აიყვანეს პოლიციის შენობის მეორე სართულზე ე.წ. უბნის ინპექტორების სამუშაო ოთახში, სადაც სცემეს.

 

ვ.გ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი, ამავე სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი ბლიაძე, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი.

 

ცემის პროცესში ალექსანდრე ბლიაძემ ვ. გ-ს  მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და აიძულებდა ეთქვა სიმართლე ბაკურიანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირეებით.

 

ცემის პროცესში პოლიციის უფროსის მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებულს გადაუგრიხა ხელები, გადახარეს იგი მაგიდაზე, ძალის გამოყენებით ჩახადეს შარვალი და პოლიციის თანამშრომლებმა უკანალზე მიადეს პოლიეთილენის ბოთლი, ხოლო პოლიციის უფროსის მ. ხვედელიანის დავალებით პოლიციის თანამშრომელმა ს.ს-მ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღო რამოდენიმე სურათი ამ მდგომარეობაში მყოფ ვ. გ-ს.

 

აღნიშნულის შემდეგ  გიორგი ბლიაძემ აიღო ოთახში არსებული ოთხფეხა სკამი და ერთ-ერთი ფეხი ძალის გამოყენებით შეუყვანა უკანა ტანში, ს.ს. ამ მომენტშიც იღებდა ფოტოებს მ. ხვედელიანის დავალებით. სურათების გადაღების შემდეგ პოლიციელები დაემუქრნენ ვ.გ-ს რომ გადაღებულ სურათებს გამოაქვეყნებდნენ დაბა ბაკურიანში სარეკლამო აბრაზე.

 

ამის შემდეგ ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ვ. გ-ს, გადაიყვანეს იგი სხვა ოთახში და ამყოფეს იქ დილამდე.  დაახლოებით დილის 07-08 საათზე ვ. გ. დაკითხა ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა და გაუშვა სახლში.

 

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა დაზარალებული ვ. გ.. გამოძიების პროცესში ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ს. ს-მ, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, მიუთითა, რომ სურდა დახმარებოდა გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს. მოწმის სახით დაიკითხულმა ს.ს-მ  სრულად დაადასტურა მომხდარი. ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება-ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ვ.გ-მ ამოიცნო მის მიმართ ძალადობის განმხორციელებელი პოლიციის თანამშრომლები.

 

ამოცნობის შემდეგ დღეს, 30 ნოემბერს საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავეს ალექსანდრე ბლიაძე.

 

დღესვე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ.თბილისში დაკავებული იქნა მამუკა ხვედელიანი.

 

“მამუკა ხვედელიანი წლების მანძილზე მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით დაკავებული პირებისადმი.  ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

ხვედელიანს სისხლის სამართლის კოდექსის 1433-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება ბრალი, რაც გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი