ახალი ამბები

ადვოკატი: თუ პროკურატურას გონიერება ეყოფა, დეკანოზის წინააღმდეგ საქმე უნდა შეწყდეს

7 მარტი, 2017 • 2356
ადვოკატი: თუ პროკურატურას გონიერება ეყოფა, დეკანოზის წინააღმდეგ საქმე უნდა შეწყდეს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული სეიფი გახსნა, თუმცა ადვოკატების განცხადებით, სეიფი იყო “აბსოლუტურად სუფთა.”

“მამა გიორგის სახლიდან ამოიღებული სეიფი გაიხსნა  და იქ არაფერი აღმოჩნდა. გამოძიებას ეჭვი ჰქონდა, რომ იქ შეიძლება რამე ყოფილიყო, რადგან მამა გიორგი არ აძლევდა კოდს. სპეციალისტი მოიყვანეს, ჩვენი თანდასწრებით გაიხსნა სეიფი და აბსოლუტურად სუფთა იყო,” – ამბობს მიხელ რამიშვილი, დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატი.

მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილს ორი ჩვენება აქვს მიცემული:

“ეს ჩვენებები პირდაპირ მიუთითებს, რომ დეკანოზის წინააღმდეგ საქმე უნდა შეწყდეს, თუ გონიერება ეყოფა [პროკურატურას]. დეკანოზის დაკითხვა გაგრძელდება, როცა პროკურატურა დაგვიკავშირდება.”

დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, პროკურატურამ საქმისთვის გაუთქმელობის პირობის მოხსნაზე უარი განაცხადა:

“პასუხში მოყვანილია ორი შაბლონური ფრაზა. გამოძიების ინტერესებიდან და მოწმეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საერთოდ არ არის დასაბუთებული რატომ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს და მოწმეთა უსაფრთხოებას გაუთქმელობის პირობის გაუქმება.”

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

6 მარტს საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადას, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვლი საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი