ახალი ამბები

იურისტის ცნობით, შორენა თეთრუაშვილი გამოძიებამ დაზარალებულად სცნო

6 მარტი, 2017 • 2800
იურისტის ცნობით, შორენა თეთრუაშვილი გამოძიებამ დაზარალებულად სცნო

საქართველოს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვლი საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილი გასულ კვირის ბოლოს იმყოფებოდა პროკურატურაში, სადაც დაკითხეს. სხვა დეტალების შესახებ ედიშერ ქარჩავამ არ ისაუბრა, რადგან მისი თქმით, იგი საქმის დეტალებს არ იცნობს.

შორენა თეთრუაშვილი პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი