კომიტეტმა ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმის დაბრუნებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭურა მხარი, რომლის თანახმადაც საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა 2015 წელს შექმნილი სააგენტოდან ისევ ეროვნული ბანკის კომპეტენციას უბრუნდება.

კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.  როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე აცხადებს, ეს არის კლასიკური ნიმუში მთავრობის უპასუხისმგებლობის.

“მათ ჯერ 2 წლის წინ შემოიტანეს ინიციატივა, რომლითაც გაჰქონდათ ზედამხედველობის მექანიზმი ეროვნული ბანკიდან. ამას ეწინააღმდეგებოდა სავვალუტო ფონდი და აკეთებდა განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ამან შეარყია ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და დააზარალა საინვესტიციო გარემო. ახლა გვთავაზობენ ამ ყველაფრის შეცვლას და აღდგდენას სტატუკვოსი, მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ორი განმავლობაში ჩვენ ამგვარი ცვლილება გავატარეთ კანონმდებლობაში? დადგა თუ არა მთავრობის რომელიმე წევრის პასუხისმგებლობის საკითხი? ჩვენ ქვეყანას აყენებენ ზიანს და ამაზე პასუხს არავინ აგებს. ეს არის იგივე, რაც გააკეთეს ვიზებთან დაკავშირებით, როდესაც სავიზო შეზღუდვები შემოიღეს, შეამცირეს ინვესტიციები, შეამცირეს ტურიზმი, დააკარგინეს სავალუტო შემოდინებები ქვეყანას და შეამცირეს ეკონომიკა, ხოლო შემდგომ თავისივე შექმნილი პრობლემები ისევ გამოასწორეს, მაგრამ პასუხი არავის უგია,” – ამბობს ოთო კახიძე.

ოთო კახიძის თქმით, პერსონალური პოლიტიკური თემები არის საპარლამენტო უმრავლესობის მამოძრავებელი გადაწყვეტილების მიღების დროს: “არ მოსწონდათ გიორგი ქადაგიძე და ამიტომ გაჰქონდათ ზედამხედველობის მექანიზმი, არ მოსწონთ ახლა მარგველაშვილის ცხადებები და ამიტომ უნდა გააუქმონ პრეზიდენტის არჩევის ინსტიტუტი. ეს არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან.”

კომიტეტის წევრები და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ირაკლი აბესაძესა და ოთო კახიძეს ენმ-ის მმართველობის დროს დაშვებული შეცდომებისკენ მიუთითებდნენ მას შემდეგ, რაც “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დაიწყეს საუბარი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ბევრი მნიშვნელოვანი საერთო რეფორმა დაგეგმეს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გაერთიანდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობის კითხვები მათ არ ეხებათ, რადგან პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი, რომელსაც კანონპროექტთან კავშირი არ აქვს:

“ჩვენი პოზიცია, ეროვნული ბანკის, თავიდანვე ცხადი იყო: ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნებას.”

2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა.

აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ამის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ეს კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი იყო ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური, მაინც მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.