ახალი ამბები

ძალოვანი უწყებების შენიშვნები ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე

27 ნოემბერი, 2012 • 1049
ძალოვანი უწყებების შენიშვნები ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე

საპარლამენტო უმცირესობის სამმა წევრმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, ისინი კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელშიც აღნიშნული უწყებების შენიშვნები იქნება ასახული. პარლამენტის დეპუტატებს ეს შენიშვნები წერილობითი სახით არ გააჩნიათ. დოკუმენტს შესაბამისი უწყებები ხვალ გადმოაგზავნიან საპარლამენტო კომიტეტში.

  

სამი უწყების შენიშვნები დეპუტატებს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა კახა წერეთელმა გააცნო. მისი თქმით,  ისინი კანონპროექტის ზედმეტად ლოიალურ პრინციპებს არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილების მიღებას კონკრეტული მუხლების დეტალურად შესწავლის საფუძველზე მოითხოვენ. 

 

“მიმაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი და ნასამართლეობა სრულად არ უნდა მოიხსნას. ასევე, არ უნდა გათავისუფლდეს ყველა ის პირი, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლდა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ყველა არასწორ განაჩენს და არა – არსებულ რეალობას”.

 

წერეთელის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ხე-ტყის უკანონო მოჭრისთვის გასამართლებულ პირებს უნდა მიექცეს. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, გაუგებარია პროცედურა, თუ რას ეყარა დღევანდელ სხდომაზე კენჭი:

 

“დარიგებული იყო კანონპროექტის ერთი ვარიანტი და ითქვა, რომ კენჭი ეყრება პროკურატურისა და მთავრობის შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტს. თუმცა ეს შენიშვნები წერილობითი სახით არ არსებობს. ხვალისთვის იმედია მოგვაწოდებენ. ამასთანავე,  მნიშვნელოვანი არის გავაკონტროლოთ სტენოგრამა დღევანდელი კომიტეტის, რამდენად ემთხვევა სტენოგრამაზე ის საკითხები, რაც იქნა დაფიქსირებული და რომლის მიხედვითაც ჩვენ კენჭი ვუყარეთ კანონპროექტს და ის წერილობითი დასკვნა, რომელიც ხვალ იქნება წარმოდგენილი.”

 

თაქთაქიშვილის მოსაზრებით, მთავრობის შენიშვნები ლოგიკური იყო:

 

“ჩვენ ასევე დავაყენეთ მთელი რიგი სხვა შენიშვნები. მაგალითად, სახელმწიფო ეროვნულ უსაფრთხოებას რაც შეუქმნის საფრთხეს, ასევე არაეთიკური დანაშაულები არის ძალადობრივი დანაშაულები: ცემა, მუქარა, ძალადობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ეს ყველაფერი ამნისტიის პროექტით არის გათვალისწინებული”.

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მთავრობის წარმომადგენლების შენიშვნები საყურადღებოა:

 

“ჩვენ ამ პროექტს წარვუდგენთ უკვე პარლამენტს პირველი განხილვისთვის. ეს მოსაზრებები აისახება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, რამდენიმე საკითხის გარდა და ამ საკითხებზეც კონსესუსი გვექნება, ვთანხმდებით და ეს მოსაზრებები, მე ვფიქრობ, არის საყურადღებო. ამიტომ ჩვენ დღეს სწორედ ასე ვუყარეთ კენჭი, რომ მთავრობის მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდეს პროექტში ცვლილებების შეტანა და შემდგომ ეს აისახოს პირველი განხილვის დროს, რაც ძალიან კარგია”.

 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის თქმით, მთავრობა ეთანხმება იმ ჰუმანურ აქტს, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს :

 

“მთავრობა, პირველ რიგში, ეთანხმება იმ ჰუმანურ აქტს, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს ამნისტიის სახით. რაც შეეხება შენიშვნებს, კონკრეტული შენიშვნები არსებობდა პრინციპებთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მოსმენა სწორედ პრინციპებზე შენიშვნებს ითვალისწინებს და კომიტეტის მხრიდან სრულად იქნა გათვალისწინებული ეს შენიშვნები”.

 

თავისი შენიშვნები დააფიქსირა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. ორგანიზაციის იურისტის გიორგი ჭიქაბერიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ძალადობრივი და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მიმართ:

 

“საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეაფასოს, თუ  რა რისკები არსებობს, რომ საზოგადოება კრიმინოგენული თვალსაზრისით იყოს დაცული. ასევე გასაწერია პროექტში პროცედურებით, რომელმა ორგანოებმა და რა ვადებში უნდა განხორციელდეს ამნისტიის პროექტით გათვალისწინებული საკითხები”.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენიშვნებში ასევე წერია, რომ სახელმწიფომ კონკრეტული პირობებით უნდა  უზრუნველყოს ისინი, ვინც სასჯელისგან გათავისუფლდებიან:

 

“სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბმა იმ პირებზე, რომლებიც გათავისუფლდებიან სასჯელისგან. მათი ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების თუ ასე შემდეგ პროექტებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი