ახალი ამბები

ხალვაში: რუსთავი 2 გირგვლიანის საქმის გაშუქების გამო დავკარგე

4 მარტი, 2017 • 12351
ხალვაში: რუსთავი 2 გირგვლიანის საქმის გაშუქების გამო დავკარგე

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ის შეძლებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაბრუნების შემთხვევაში არ ჩაერიოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში. ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში მან ვრცლად ისაუბრა წარსულ გამოცდილებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ტელეკომპანია სწორედ იმიტომ დაკარგა, რომ ხელისუფლება განაწყენებული იყო მისი მფლობელობის პერიოდში რუსთავი 2-ის საქმიანობით. ხალვაში ამბობს, რომ შეცდომას გამოასწორებს:

“ჩარევა იყო მინიმალური და ეს ჩარევაც ჩემი მხრიდან იყო დიდი შეცდომა, რომელსაც მე ვფიქრობ რომ გამოვასწორებ.

ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქუჩაში მიმდინარეობდა აქცია, რომელიც 3-4 საათის განმავლობაში ლაივში გადაიცემოდა. რომელზეც ვთქვი, რომ ეს არ არის ლაივის თემა და შესაძლოა დაამოკლოთ და საინფორმაციოში გადაიტანოთ… ეს იყო მთელი დღის ზეწოლის შედეგი – პერსონალურად დამირეკეს სააკაშვილმა და უგულავამ და ვიფიქრე, რომ განვმუხტავ დაძაბულობას ამათსა და რუსთავი 2-ს შორის. მე მივედი მათთან სასაუბროდ; არიან პიროვნებები, რომლებიც მე არანაირ პატივს არ მცემს და იმ ინტერპრეტაციას აკეთებენ, რომ მე თითქოს დენის წყაროს გამორთვას ვცდილობდი… ეს არის უბრალოდ მათი პოლიტიკის ნაწილი, რომ ქიბარ ხალვაში არ არის გარკვეული და ერეოდა საქმიანობაში. მე ვიტყვი, რომ თვითონ დღესაც ექვემდებარებიან იმ ადამიანს, რომლის ქმედებაც მე მბრალდება, თითქოს ტელევიზიის რეიტინგი იყო დაბალი.

გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებითაც ვთვლი, რომ არაპროფესიონალურად მოიქცა გუნდი. ვთვლი, რომ იმედს ჰქონდა პრივილეგია, რომ ეს ადრე გაეშუქებინა… აბსოლუტურად არ ყოფილა მითითება ვინმეს მხრიდან (თემის გაშუქებისას) და ფაქტობრივად, გირგვლიანის თემის გაშუქებამ რუსთავი 2-ში შეიწირა ჩემი და რუსთავი 2-ის ურთიერთობა და იქაური მენეჯმენტი.

ზუსტად მაგ თემასთან დაკავშირებით, მახსოვს, სასამართლო მიმდინარეობდა, ბოლო სხდომა იყო და სასამართლო თურმე დაუგეგმავს ხელისუფლებას, როდესაც პრეზიდენტი ამერიკაში იმყოფებოდა და თვლიდნენ, რომ პირველი თემა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში. იმ დღეს რუსთავი 2-ის მთავარი თემა იყო სასამართლოს გაშუქება. ზუსტად ამას მოჰყვა ყველა ის კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ტელევიზია დავკარგე.” – ამბობს ქიბარ ხალვაში.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 8 მარტამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს აღსრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი