საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ ისინი შეშფოთებული არიან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში.
“საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისადმი კრიტიკული ძლიერი ეროვნული მაუწყებლის ფუნქციონირება. ამასთან, აუცილებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა.
მედიაპლურალიზმის ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია,” – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელევიზია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილებას ხელს სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.