ახალი ამბები

ომბუდსმენი თეა წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

2 მარტი, 2017 • 1624
ომბუდსმენი თეა წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს უჩა ნანუაშვილი ივანე მერაბიშვილს მის სასარგებლოდ მოწმედ დაუდგა სტრასბურგის სასამართლოში, უპასუხისმგებლოს უწოდებს. სახალო დამცველი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება აშკარად ამახინჯებს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

“სავარაუდოა, რომ ქალბატონ მინისტრს სურს, საკუთარი შეცდომა და პროცესის არასწორი წარმართვა სხვას გადააბრალოს. საქართველოს მთავარ პროკურატურას სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში რომ გაეთვალისწინებინა, შესაძლებელი იყო, არც ევროსასამართლოში წაეგო ჩვენს ქვეყანას საქმე და არც დიდ პალატაში გასაჩივრების საჭიროება დამდგარიყო. ნებისმიერი პატიმრის საკნიდან გაყვანა ღამის საათებში და მასზე ზეწოლა ამა თუ იმ ჩვენების მიღების მიზნით კანონს ეწინააღმდეგება და როცა ამ ფაქტებზე პატიმარი საუბრობს, მიუხედავად პატიმრის მონაყოლის სანდოობისა, საგამოძიებო უწყებამ უნდა გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულის არსებობის გამო. შესაბამისად, მერაბიშვილის განცხადებაც უნდა ყოფილიყო გამოძიებული. გამოძიების დაწყებას ითხოვდა სახალხო დამცველი 2013 წლის 17 დეკემბრიდან და ამაზე საუბარია სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც“,- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

განცხადებით თანახმად, სახალხო დამცველმა ევროსასამართლოს მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც პირმა, რომელიც პირადად შეხვდა ივანე მერაბიშვილს ციხეში და მოისმინა პატიმრის მონაყოლი.

“სწორედ იმის გამო, რომ მერაბიშვილის ე.წ. საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება არ ჩატარებულა. სახალხო დამცველს პირადად დაუკავშირდა მერაბიშვილის ინგლისელი ადვოკატი, რომელსაც უჩა ნანუაშვილმა პატიმართან შეხვედრის და გამოძიების მოთხოვნით, მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველი ერთადერთი ნეიტრალური პირია, რომელიც ციხეში შეხვდა მერაბიშვილს და ვისაც პატიმარმა პირადად მოუყვა საკნიდან მის გაყვანასთან დაკავშირებული ვერსია”,- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას. 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ემზადებიან პროცესისთვის. მისივე განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მოწმე ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი იქნება.

“მივდივართ სამართლებრვი არგუმენტებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სპეკულაციებთან და პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, მეორე მხარეც, ვანო მერაბიშვილის მხარეც ემზადება ამ პროცესისთვის. მათ თავიანთი არგუმენტები აქვთ და ჰყავთ თავიანთი მოწმეც, რომლის შესახებაც გვაცნობა სტრასბურგის სასამარლომ ორი დღის წინ, და ასე შევიტყვეთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ბატონ ვანო მერაბიშვილს სტრასბურგში დაუდგა მოწმედ რამდენიმე მიმართულებით, ეს არის პატიმრობის პირობები, ეს არის საკნიდან გაყვანის თეორია, მე ასე ვიტყოდი, სადაც ის ამბობს, რომ გამოძიება მაინცდამაინც სანდოდ შეიძლება ვერ ჩაითვალოს. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი არ არის.  ჩვენ ვართ მხარე, რომელიც არის განწყობილი სამართლებრივი დებატისა და ბრძოლისთვის,”- განაცხადა მან.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე, პრემიერ-მინისტრის  თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი  სამი მუხლით წაუყენეს – ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2013 წლის 22 მაისს შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 25 მაისს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე და ძალაში დატოვა.

ვანო მერაბიშვილს მოგვიანებით კიდევ რამდენიმე  მუხლით წარუდგინეს ბრალი.

2014 წლის თებერვალში  ქუთაისის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებასა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, 2014 წლის თებერვალში თბილისის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს საქმეზე მას პატიმრობა მიუსაჯა  4 წლით და 6 თვის ვადით.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა 8 მარტს ზეპირი მოსმენით განიხილავს ვანო მერაბიშვილის საქმეს საქართველოს წინაააღმდეგ. საქმე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას ეხება.

სტრასბურგის სასამართლომ 2016 წლის ივნისში გამოქევეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მერაბიშვილის სარჩელი და ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. იუსტიციის სამინისტროს მიმართვის შემდეგ საქმე დიდ პალატას გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი