ახალი ამბები

ევროპულმა საქართველო “ფარული თვალთვალის” კანონის წინააღმდეგ მექანიზმებზე მსჯელობს

1 მარტი, 2017 • 2067
ევროპულმა საქართველო “ფარული თვალთვალის” კანონის  წინააღმდეგ მექანიზმებზე მსჯელობს

სერგი კაპანაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მოსმენების კანონპროექტის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 1 მარტს, საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსმენების კანონპროექტი არის არაკონსტიტუციური. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა ამ კანონს, სავარაუდოდ, მიიღებს. დღეს საუბარი გვქონდა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში იმისთვის, რომ ხელი შეეშალოს ამ კანონის მიღებას, ძალაში შესვლას. შეხვედრაზე სხვადასხვა ვერსიები განვიხილეთ. ჩვენ ჩვენი აზრები გავუზიარეთ ერთმანეთს, მათ თავიანთი პოზიციები გვითხრეს. რეალურად, საუბარი იყო იმაზე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის გარკვეული კოორდინირება, რათა ამ არაკონსტიტუციურ კანონს დავუდგეთ ერთად წინ,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ

კითხვაზე, კონკრეტულად რა სამოქმედო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მოსმენების კანონპროექტის წინააღმდეგ, კაპანაძე ამბობს:

“სხვადასხვა ნაბიჯებზეა საუბარი: როგორც პარლამენტში დისკუსიის გაგრძელება, ისე არ არის გამორიცხული სტრასბურგის სასამართლოს ვარიანტი. ანუ ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და ამაზე გვქონდა სწორედ დისკუსია.”

“ევროპულ საქართველოს” ბოიკოტი აქვს გამოცხადებული პარლამენტში და პროტესტის ნიშნად არ ესწრება ქუთაისში დაგეგმილ მოსმენებს. დღეს თბილისში უმცირესობის ლიდერებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სწორედ მოსმენების კანონის პაკეტის შესახებ გამართეს შეხვედრა.


 

  • დღეს, 1 მარტს პარლამენტი მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.
  • პარლამენტი ამ კანონს იხილავს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონპროექტი “ფარული თვალთვალის” შესახებ კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა [ქართული ოცნება] ასე არ ფიქრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი