საკანონმდებლო ცვლილების ავტორი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი, ამირან ზენაშვილი “ნეტგაზეთის” კითხვას, თუ რატომ არ ეხება ცვლილება კოდექსის აღნიშნულ პუნქტს, პასუხობს:
“რაც შეეხება გაფიცვას, მინდა გითხრათ, რომ ეს სიახლეები შრომის კოდექსში შედის იმ აქტიურობიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, რომელიც დღესდღეობით საჭიროა, თუმცა, როდესაც კოდექსი უფრო სრულყოფილი იქნება, ყველა თემა დეტალურად აისახება”.
კითხვას, გაფიცვების ფონზე რატომ არ გახდა პრიორიტეტული 36–ე მუხლის მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შეცვლა, ამირან ზენაშვილი პასუხობს, რომ პოლიტიკურ კომენტარს ვერ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კომიტეტზე წარმოდგენილი ცვილილებების თანახმად, ცვლილებები შედის 37-ე მუხლის დ ქვეპუნქტში, რომელიც დამსაქმებელს დასაქმებულის უმიზეზოდ გათავისუფლების საშუალებას აძლევდა, დამსაქმებელს ასევე აღარ შეეძლება დეკრეტულ მშვებულებაში მყოფი დასაქმებულის გათავისუფლება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ცვლილებები არ არის რადიკალური: „ცვლილებები არ არის რადიკალური, ცენტრისტულია. ეს დასაქმებულებისთვის პოზიტიური იქნება. „
აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, ცვლილებები ნამდვილად გააუმჯობებს დასაქმებულების მდგომარეობას, თუმცა დააფიქრებს ნებისმიერ ინვესტორს, რამდენად ღირს ბიზნესის კეთება საქართველოში. მისი თქმით, რეალური გამოსავალი არა რეგულაციებში, არამედ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაშია:
„ერთადერთი გარანტია დასაქმებული ადამიანისთვის, რომ მას დამსაქმებელი რაღაც “უღირს” პირობებში არ ჩააყენებს,, როგორც ამას პროფკავშირები ეძახიან, არის ის, რომ ამ დასაქმებულმა დამსაქმებელს უთხრას: “იცი რა, თუ არ გინდა ჩემი რესურსის გამოყენება, კარგად იყავი, ნახვამდის, მე წავალ და აგერ სხვაგან დავიწყებ მუშაობას, იქ გამოიყენებენ ჩემს რესურსსა და ჩემს შრომას უკეთესად”. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, თუ ჩვენ გვინდა, რომ წავიდეთ სწორი გზით. ხელოვნურად, რაღაც რეგულაციებით სინამდვილეში ვერავის უფლებებს ვერ დაიცავ.“
შრომის კოდექსში პირველ ეტაპზე შესატან ცვლილებებში მოხვდა იმ საკითხების ნაწილი, რისი შეცვლის რეკომენდაციასაც აქამდე იძლეოდა მსოფლიო შრომის ორგანიზაცია და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები.
“მე ბიძინა ივანიშვილსაც განვუცხადე, რომ შრომის კოდექსი მთლიანადაა შესაცვლელი. ეს შრომის კოდექსი არ არის, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ დააკანონო მონობა. ამ ეტაპზე ყველაფრის შეცვლა ვერ მოხერხდება. არის პრევენციული ზომები მისაღები, რომ ადამიანებმა საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად, დაცულად იგრძნონ თავი. შესაცვლელია კოდექსის 37–ე და 38–ე მუხლები, სამსახურში მიღება–გათავისუფლების წესები, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსმა, სპეციალისტმა სერგეუს გლოვაცკასმა დღეს “ქორთიარდ მარიოტში” შრომის კოდექსთან დაკავშირებით “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა განახორციელოს.
გლოვაცკასის თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ შეწყდეს დასაქმებულთა დევნა პროფკავშირული ნიშნით და პროფკავშირების შევიწროვება. გარდა ამისა, მისი თქმით, შრომის კანონმდებლობის გამო სამუშაო პროცესი სპონტანურად მიმდინარეობს და ხშირად ჩიხშიც შედის, საკმარისად არ არის მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობები. მსოფლიო შრომის ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების საქმიანობას ამ კუთხით, იქვე კი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რაც შეიძლება დააჩქაროს მსოფლიო შრომის ორგანიზაციის სხვადასხვა კონვენციების რატიფიცირება შრომის უსაფრთხოებასთან და დედათა უფლებებთან დაკავშირებით. სერგეუს გლოვაცკასმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელიფულებამ აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ შეწყდეს საქართევლოდან უკანონო ემიგრაცია, რადგან ამ მაჩვენებლით ქვეყანამ პირველ ადგილზე მყოფ ავღანეთსაც გაუსწრო.
საქართველოს შრომის კოდექსში პირველ ეტაპზე შედის შემდეგი ცვლილებები:
*დამსაქმებელი დასაქმებულს დაუსაბუთებლად ვერ გაათავისუფლებს თანამდებობიდან და თუ ამას გადაწყვეტს, 1 თვით ადრე უნდა აცნობოს დასაქმებულს და გადაუხადოს 1 თვის ანაზღაურება.
*თუ აქამდე დროებითი შრომისუუნარობა ზედიზედ 30 დღე გრძელდებოდა და დამსაქმებელს ამის შემდეგ შეეძლო პირის გათავისუფლება სამსახურიდან, ეს ვადა გაიზარდა 60 დღემდე.
*მხარის მიერ კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეცვლის ინიცირებისას მეორე მხარე ვალდებულია აწარმოოს კოლექტიური მოლაპარაკება, კოლექტიური ხელშეკრულება ეფუძნება იმავე პრინციპებს, რომლებსაც ინდივიდუალური ხელშეკრულება.
*თუ დავის დროს შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული 14 კალენდარული დღის განმავლობაში, და თუ მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას, დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ხოლო მეორე მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ან არბიტრაჟს.
შრომით კოდექსში შესატან ცვლილებებზე “ქორთიარდ მარიოტში” გამართული კონფერენციისას, რომელსაც ესწრებოდნენ ხელისუფლების, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, აქტიურად განიხილავდნენ საქართველოში სოციალური დიალოგის ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობას.
პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, სოციალური დიალოგის სისტემა საქართველოში ფორმალურად არსებობს, თუმცა პრაქტიკულად ის არ ხორციელდება, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. კერძოდ, უნდა შეიქმნას კომისია, ჯგუფი, რომელშიც შევლენ ხელისუფლების, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლები. სწორედ ამ ჯგუფმა სამივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით უნდა შეიმუშავოს შრომის კოდექსთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებები, რომელიც მხარეებისთვის მისაღები იქნება.
შრომით უფლებებზე საუბრისას გარკვეულ საკითხებზე ფოკუსირებამ გამოიწვია საქართველოს ბიზნეს– ასოციაციის წარმომადგენლის გაღიაზიანება.
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმებაზე და დასაქმებულის დაცვაზე, ძალიან ხშირად საუბარს ვიწყებთ ქვემოდან და გვავიწყდება, საიდან იქმნება ეს სამუშაო ადგილები და ვინ ქმნის ამას. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისეთი განცდაა, თითქოს ესაა სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ის შექმნის სამუშაო ადგილებს და ხალხს დაასაქმებს. მინდა გითხრათ, რომ სამუშაო ადგილების შექმნა არც სახელმწიფოს ვალდებულებაა და არც კერძო სექტორის. თუ ბიზნესმენს, ინვესტორს არ ექნა კომფორტული გარემო, რომ შექმნას სამუშაო ადგილები, ის არ შეიქმნება და, შესაბამისად, ვერავის უფლებებს ვერ დავიცავთ. ამიტომ მე მინდა, რომ ამაზეც კარგად ვიფიქროთ და საბოლოო ჯამში, ეს არ უნდა იყოს მხოლდ ერთი მხარისთვის მისაღები”, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს– ასოციაცია, შრომისა და დასაქმების კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ახალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ შრომის კოდექსის მთლიანად შეცვლას რამდენიმე თვე დასჭირდება და ეს ერთბაშად ვერ მოხდება. მისი თქმით, პირველი რიგის ცვლილებები უკვე მზადაა, დანარჩენ საკითხებზე მუშაობა კი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაგრძელდება.