ახალი ამბები

დეპუტატმა არ იცის, რომ კანონს არღვევს სხვის ნაცვლად ხმის მიცემით

22 ნოემბერი, 2012 • 1192
დეპუტატმა არ იცის, რომ კანონს არღვევს სხვის ნაცვლად ხმის მიცემით

ვიდეომასალა, თუ როგორ აძლევს ხმას გაჩეჩილაძე სხვის ნაცვლად პარლამენტის პლენარული სხდომის დროს, პალიტრა ტვ-მ გაავრცელა.

“ხო, კი, ერთი შემთხვევა იყო, ნამდვილად. საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიკაცია მიდიოდა პარლამენტში, რომელსაც ყველა აძლევდა ხმას. ტელეფონზე დაურეკეს ჩემს გვერდით მჯდომს, გავიდა და მთხოვა, რომ ტელეფონზე გავალო და დააჭირეო ხელიო და ეს იყო”, – აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

შეკითხვაზე, თუ ვის ნაცვლად მისცა ხმა დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ვერ იხსენებს:

 

“აღარ მახსოვს, გვერდზე ხან ერთი ზის, ხან – მეორე.”

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს: ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. ამ წესის დარღვევისთვის კი, ამავე რეგლამენტის მიხედვით, სანქცია ეკისრება სწორედ იმ დეპუტატს, ვის ნაცვლადაც მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა:

 

“თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში იმავე ქმედების მეორე და ყოველი შემდგომი განმეორების შემთხვევაში ამ პარლამენტის წევრს დაუკავდება ხელფასის 25%.”

 

საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის შესაბამისად, პარლამენტის წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განსაზღვრულია 2 000 ლარის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სანქცია ითვალისწინებას პირველ ჯერზე 400 ლარის დაკავებას ხელფასიდან, ხოლო მომდევნო ჯერზე 500 ლარის დაკავებას.

 

გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ასეთი რეგულაციების შესახებ, რომელსაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, არაფერი იცოდა და იქვე დასძენს, რომ თუკი შესაბამისი შესწავლა მოხდება ამ საქმის, შეძლებს იმ დეპუტატის ვინაობის გახსენებას, ვის ნაცვლად მისცა ხმა: 

 

“ახლა ვერ ვიხსენებ და მერე გავიხსენებ. თქვენ მითხარით ახლა პირველად და დიდი მადლობა, რომ მითხარით, ასეთი რაღაცა თუ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ისიც არ ვიცი, რეგლამენტში არსებობს თუ არა ასეთი რამ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, თქვენგან გავიგე”.

 

რეგლამენტში არსებული ამ რეგულაციის შესახებ, რომელიც ფულად სანქციებს ითვალისწინებს, არც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა ინფორმაცია: ირინე იმერლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გაეცნობა ვიდეომასალას, რეგლამენტის ამ მუხლსაც და კომიტეტზე იმსჯელებენ ამ საკითხზე:

 

“რა თქმა უნდა, მიუღებელია ეს, მაგრამ არა მგონია, ბატონ გიორგის ჯიბეში ჰქონოდა ვიღაცის პულტი და ისე მიეცა ხმა. გვერდზე, ალბათ, ეჯდა პარლამენტის წევრი, რომელიც შეიძლება იმ მომენტში იყო ამდგარი. რა თქმა უნდა, ეს არ არის გამამართლებელი, მაგრამ სხვისი პულტებით ჩვენ ნამდვილად არ დავდივართ, ჯიბეში სხვისი პულტებით, რაც ხდებოდა პარლამენტში, მაგრამ თუ მასალა არსებობს გიორგი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით, დიდი მოკვლევა მაგას არ ჭირდება.”

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი თათული თოდუა რეგლამენტში არსებულ იმ ხარვეზზე საუბრობს, რაც ხელს უშლის ასეთი დარღვევების გამო დეპუტატის პასუხისმგებლობას. მისი განმარტებით, რეგლამენტის 286-ე მუხლში მითითებულია, რომ შემოწმების შედეგად უნდა იყოს გამოვლენილი დეპუტატის მიერ სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტი. შემოწმების მოთხოვნის უფლება კი მხოლოდ პარლამენტის წევრებს აქვთ, კერძოდ: უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს (საქართველოს რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

 

“ჩვენი პოზიციაა, რომ პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს იმ პირსაც, ვინც თითს აჭერს სხვის ნაცვლად, იმიტომ, რომ მისი დასჯა უფრო ადვილია, თუნდაც ვიდეომტკიცებულებების მეშვეობით. მაგრამ იმ დეპუტატის დადგენა, ვის ნაცვლადაც მისცეს ხმა, იქნება ძალიან რთული, თუ შემოწმების პროცედურა არ უძღვის წინ, რომლის მოთხოვნაც მხოლოდ პარლამენტის წევრებს შეუძლია. ამდენად, მოდიფიცირება უნდა მოხდეს რეგლამენტის, რომ შესაძლებელი იყოს კანონის აღსრულება,” – აცხადებს თათული თოდუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი