ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის შესახებ

28 თებერვალი, 2017 • 3473
ნაცვლიშვილი: კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის შესახებ

საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშილი აცხადებს, რომ “კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის დაფიქსირება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია”.

ეს განცხადება ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის მიმდინარეობისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციების წევრობის საკითხი კონსტიტუციაში არ უნდა ეწეროს და საქართველოს ისედაც დეკლარირებული აქვს ევროატლანტიკური კურსი.

ანა ნაცვლიშვილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება:

“სწორედაც რომ სახელმწიფოს უზენაეს კანონში არის ადგილი იმისა, რომ სახელმწიფომ გააკეთოს დეკლარირებულად ჩანაწერი თავისი საგარეო კურსის შესახებ. ეს იქნება პრეამბულაში ცალკე მუხლი, თუ იქნება გარდამავალ დებულებებში, არ არის არსებითი. არგუმენტი, რომელიც მოვისმინეთ, რომ პრეამბულაში ამის ადგილი არ არის, აქ შეიძლემა ვიმსჯელოთ, მაგრამ კონსტიტუციაში ნამდვილად არის ამ ჩანაწერის ადგილი დღევანდელ საქართველოს რეალობაში და მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის რომელიმე ნაწილში ეს კურსი ჩაიწეროს,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისი განცხადებით, ვერ მოისმინეს საფუძვლიანი არგუმენტები იმის შესახებ, რატომ არ უნდა იყოს კონსტიტუციაში დაფიქსირებული ევროატლანტიკური მისწრაფება, რაც კითხვებს აჩენს:

“სიმპტომატური და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვერ მოვისმინეთ დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა ჩაიწეროს ევროატლანტიკური კურსის შესახებ განაცხადი კონსტიტუციაში. როდესაც კონტარგუმენტები ჩვენს იდეაზე იყო არადამაჯერებელი, ბუნებრივია, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს. მოვისმინეთ ფორმალური, ტექნიკური არგუმენტი, რომ პრეამბულაში ამის ადგილი არ არის. მეორე მხრივ, მოვისმინეთ განაცხადი, რომ ეს არის მარადიული საკითხი და ამიტომ არ უნდა ჩაიწეროს. ამ ნაწილში ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. რა შეიძლება იყოს უფრო გრძელვადიანი და მნშვნელოვანი გათვლა სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე მისი საგარეო ორიენტაცია? ამ ქვეყნის მთელი ისტორია და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის აჩვენებს იმას, ჩვენ მოვისწრაფით და ძალიან სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით, მაგრამ ვუმკლავდებით ამ პრობლემებს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა სვლა ევროპისკენ. თუ ამის ადგილი არ არის კონსტიტუციაში, მაშინ რისი ადგილია?”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საიას თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ თქვა, რომ შესაძლებელია, გარდამავალ დებულებებში იყოს ამ ჩანაწერის ადგილი. ნაცვლიშვილის თქმით, უნდა ნახონ, კონრეტულად რა ფორმულირებაზე იქნება შესაძლებელი შეჯერება.

მასალების გადაბეჭდვის წესი