ბანკების ასოციაცია: 24 თებერვლის მდგომარეობით, 20 მლნ დოლარის სესხი გალარდა

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, 24 თებერვლის მდგომარეობით, 1700 სესხი გალარდა, ხოლო მათი ჯამური ოდენობა 20 მილიონ დოლარზე მეტია.

გიორგი ცუცქირიძე დღეს, 28 თებერვალს, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“  წევრების შეხვდა და ლარიზაციის ეკონომიკური ეფექტების შესახებ ესაუბრა.

“15 იანვარს დაიწყო ლარიზაციის პროგრამა. ერთი კვირა მომხმარებლებს სმს-ები ეგზავნებოდათ. სესხების გალარება 21 იანვრიდან დაიწყო. თავიდან დაბალი ტემპი იყო, თუმცა შემდეგ მოიმატა. 14 თებერვლამდე 900 სესხი გალარდა, ჯამში, 11 მილიონი ლარის მოცულობის, ხოლო 24 თებერვლის მდგომარეობით, 1700 სესხზე მეტი გალარდა, ჯამში, 20 მილიონი დოლარის მოცულობის,” – აღნიშნა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, გალარების  არსებული ტემპი ნორმალურია:

“გალარების პროგრამაზე განაცხადები 17 მარტამდე მიიღება. დარჩენილ დღეებში უფრო მაღალ აქტივობას ველოდებით. პროგრამა პოტენციურად ვისაც ეხებოდა, ყველას შესთავაზეს. ახლა მათი გადასაწყვეტია, ისარგებლებენ თუ არა. ”

ლარიზაციის პროგრამა  ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე.

გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე. სუბსიდია შეეხება მხოლოდ უზრუნველყოფილ ნაწილს, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ბოლო არსებული შეფასებით.

სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.