ახალი ამბები

ნაცვლიშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს

12 თებერვალი, 2020 •
ნაცვლიშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს

დამოუკიდებელი პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი, რომელმაც შარშან დატოვა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის რიგები და „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ააანონსებს.

12 თებერვალს პრესკონფერენციაზე ბექა ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა პოლიტიკური პოლარიზაცია; თქვა, რომ გამოიკვეთა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ არსებული, შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით გაიმართება და განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება ხელს აძლევს როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“.

იმავე პრესკონფერენციაზე მან დააანონსა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს. როგორც მან „ნეტგაზეთს“ განუმარტა, საუბარი არ არის აუცილებლად პარტიაზე და „შეიძლება ჩამოყალიბდეს გაერთიანება, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებიც შეიძლება შევიდნენ“.

პრესკონფერენციაზე მან არ გამორიცხა, რომ ახალ გაერთიანებაში შეიძლება იყვნენ  ბოლო პერიოდში „ქართული ოცნებიდან“  წასული ადამიანებიც. „ნეტგაზეთთან“ საუბარში კი ასევე თქვა, რომ მმართველი გუნდის ამჟამინდელ წევრებს არ განიხილავს.

ნაცვლიშვილის თქმით, ამჟამად მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და მოგვიანებით ისაუბრებენ დეტალებსა და პიროვნებების შესახებ.

„ვისთანაც ვითანამშრომლებ, ისინი არ არიან ამ [გაერთიანებული] ოპოზიციის ნაწილი. მათ [დანარჩენ ოპოზიციას] შეუძლიათ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ, შეარჩიონ მაჟორიტარები და იბრძოლონ თავიანთი ინტერესებისთვის… როგორც უნდათ, ისე მიიღონ გადაწყვეტილება, ჩემთვის ეგ დიდ ინტერესს არ წარმოადგენს“, – თქვა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე.

„თუ ჩამოყალიბდება ეს გაერთიანება, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში და არავისთან გარიგებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მან.


ბექა ნაცვლიშვილმა სოციალ-დემოკრატიული პარტია, საპარლამენტო ფრაქცია და საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის თებერვალში დატოვა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო სოციალ-დემოკრატების ალტერნატიული კანონპროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ.

ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ ეს „მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება“ იყო, — „არჩევანი ინდივიდუალიზმსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის“. მას მალევე მიჰყვენ სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სხვა წევრებიც, მათ შორის, პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი.

როგორც მაშინ ბექა ნაცვლიშვილი ამბობდა, საპენსიო რეფორმის ჩაგდება გარდამტეხი მომენტი იყო. მანამდეც არსებობდა არაერთი საკითხი, რომელზეც კრიტიკული პოზიცია ჰქონდა.

მოგვიანებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნაცვლიშვილს „გზა დაულოცა“ უმრავლესობის დატოვებისას  და ისურვებდა, რომ საქართველოში „მემარცხენე ძალას ძალა მოეკრიბოს“;

ასევე, ივანიშვილის თანახმად, ბექა ნაცვლიშვილს უთხრა, რომ  „ქართულ ოცნებასთან“ ოპონირება და პოლიტიკურ ველში ადგილის დაკავება გაუჭირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი