პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აცხადებს, რომ მთავრობის მიერ 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება [რაც მხოლოდ 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს ეხება], ფაქტობრივად, პროგრესული დაბეგვრა გამოდის.

ამას პარტია დადებითად აფასებს, თუმცა მიუთითებს, რომ საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება და ამიტომ, პარტიის განცხადებით, აუცილებელია, გაიზარდოს გადასახადები „მაღალ შემოსავლებზე, თუნდაც 5000 ლარს ზემოთ“

რა ხდება?

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 2020 წლის პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში წესდება საგადასახადო შეღავათები იმ დასაქმებულებზე, რომლებსაც Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში სამსახური/ხელფასი შეუნარჩუნდათ.

კერძოდ, 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებული და ამ 6-თვიან პერიოდში მათი ხელფასი არ აღემატება თვეში 1500 ლარს. გამოდის, რომ გამოთავისუფლდება მაქსიმუმ 150 ლარი.

მაგალითად, თუკი კონტრაქტით ხელფასი 1500 ლარი გქონდათ, საშემოსავლო გადასახადი (ანუ 1500 ლარის 20%) 300 ლარი გამოდიოდა, ხელზე ასაღები თანხა კი — 1200 ლარი.

ახლა გამოდის, რომ ამ 1500-დან 750 ლარი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ანუ მხოლოდ დარჩენილი 750 ლარი დაიბეგრება. 750-ის 20% არის 150 ლარი. დარიცხული 1500 ლარიდან მხოლოდ 150 ლარი დაიბეგრება. დაუბეგრავი რჩება 1350 ლარი.

როგორც „ნეტგაზეთმა“ გაარკვია, დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდება, გამოთავისუფლებული თანხა ვის დარჩება.

როგორც „ნეტგაზეთს“ უთხრა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა, „თუ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, შეიძლება, [დასაქმებულს] მოუმატოს ხელფასი. თუ კომპანია იმ მდგომარეობაშია, რომ შეფერხება აქვს და უნდა გაეშვა თანამშრომელი, ეს შეღავათი საშუალებას მისცემს, რომ გარკვეული პერიოდი ეს თანამშრომელი შეინარჩუნოს“.

„ეს არის პროგრესული გადასახადი“

29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში სოციალ-დემოკრატების პარტია წერს, რომ მთავრობის მიერ ფიზიკური პირების 750 ლარამდე შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (ასევე 1500 ლარამდე შემოსავლის 750- ლარიანი წილის 20% საშემოსავლოსგან) პროგრესული დაბეგვრის შემოღებაა.

„ჩვენ მივესალმებით ამ ღონისძიებას და არა იმიტომ, რომ წლების მანძილზე ვცდილობთ საჯარო პროპაგანდას და კანონპროექტების ინიცირების მეშვეობით ამ პრინციპის დამკვირდრებას საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სამართლიანი და ამავე დროს ეფექტური მექანიზმი საზოგადოების სტაბილურობისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის“, – აცხადებს პარტია.

თუმცა, სოციალ-დემოკრატების თანახმად, ამ სახით ამ პრინციპის შემოღებას აუცილებლად ექნება უარყოფითი ეფექტი: შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, რაც უნდა მიემართებოდეს ჯანდაცვას, უმუშევრობის დახმარებას და სხვა სოციალურ მიზნებს.

„სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, გადასახადები, გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე (ხელფასი, მოგება, დივიდენდი და ა.შ.), თუნდაც 5000 ლარის ზემოთ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ბიუჯეტის გარეშე ვერ იარსებებს სოციალური დაცვის ეფექტური სისტემა“, – წერია განცხადებაში.

ამის მიუხედავად, პარტია მიესალმება განხორციელებულ ნაბიჯს და განმარტავს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს მცირეშემოსავლიანი ადამიანების ხელზე ასაღები თანხა:

  1. „თუ იგივე დარჩათ დარიცხული შემოსავალი, ხელზე ასაღები თანხა გაეზრდებათ (მაგალითად, დღეს თუ აქვთ დარიცხული ხელფასი 750 ლარი, ხელზე იღებენ 600 ლარს, ხოლო 150 ლარს გადასახადის სახით იხდიან ბიუჯეტში. ახალი წესით, თუ დარიცხული ხელფასი აქვთ 750 ლარი, ხელზე აიღებენ მთლიანად 750 ლარს);
  2. თუ შეუმცირდათ დარიცხული შემოსავალი (დამსაქმებელთან შეთანხმებით) იმ თანხის ოდენობით, რა თანხასაც ამ დრომდე იხდიდნენ ბიუჯეტში, ხელზე აიღებენ იგივე თანხას, რასაც იღებენ დღეს – თუ დარიცხული 750 ლარი შეუმცირდათ 600 ლარამდე – ხელზე აიღებენ 600 ლარს“.

პარტიის თანახმად, დამქირავებელი, პირველ შემთხვევაში, სარგებლის თვალსაზრისით, სტატუს-კვოს ინარჩუნებს, ბიუჯეტს კი აკლდება შემოსავალი.

„შრომითი ურთიერთობის საკითხი“

„მეორე შემთხვევაში დამსაქმებელ კომპანიას უმცირდება ხარჯები. ეს შეიძლება მოხდეს როგორც არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იძულებით, კომპანიის შემოსავლების შემცირებიდან გამომდინარე (ეს უკვე ბევრ კომპანიაში მოხდა, საერთო მოთხოვნის შემცირების გამო), ასევე, კომპანიის მისწრაფებით, შეამციროს ხარჯები მოგების გაზრდის მიზნით“.

თუმცა, როგორც პარტია წერს, ამ უკანასკნელისკენ ისედაც მიდრეკილნი არიან კერძო კომპანიები და რამდენადაც შეუძლიათ, ასეც იქცევიან.

„აქ წამოიჭრება კერძო კომპანიების ეფექტური ფუნქციონირებისა და დამქირავებელ-დაქირავებულის ურთიერთობის ბევრი საკითხი. სუსტი სოციალირი დიალოგის პირობებში, ამ საკითხების გადაწყვეტა დასაქმებულების გააქტიურებასთან ერთად საჭიროებს სახელწმიფოს აქტიურ ჩარევას და მხარეების ჩართვას კონსტრუქციულ დიალოგში“, – აცხადებენ პარტიაში.

„ეს ცალკე თემაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამქირავებლის და დაქირავებულის ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას, სიღრმისეულ განხილვას და სამართლიან, ობიექტურ, პროგრესულ და პერსპექტიულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. აუცილებელია ამ საკითხების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგში პირველ პლანზე წამოწევა და ფართო საზოგადოების (ყველა დაინტერესებული მხარის) მონაწილეობით განხილვა. დღეს მიმდინარე რადიკალური ცვლილებები თავისთავად ახდენს საკითხის აქტუალიზებას“.

პარტიის თანახმად, გადასახადების შემცირება დაბალ შემოსავლებზე, უმუშევრობის დახმარებასთან და სხვა ზომებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოლიდარული და ეფექტური ეკონომიკისკენ, არა მხოლოდ კრიზისის პერიოდისთვის, არამედ ზოგადადაც.

„ჩვენ ვიცით, რომ ამ პრინციპების გაფართოება და მყარად დამკვიდრება თავისით, საზოგადეობრივი ჩართულობის და პოლიტიკური ბრძოლის გარეშე არ მოხდება, ამიტომ ყველას, ვინც ამ პრინციპებს იზიარებს, მოვუწოდებთ, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ უშედეგო კრიტიკით და ჩავერთოთ მიმდინარე პროცესებში. ამ პრინციპების გაფართოვება ჩვენ გვესაჭიროება დიდი ცვლილებებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ადგილი, სადაც კეთილდღეობა გაზიარებულია ყველასთვის და არა ერთეულებისთვის, როგორც ეს აქამდე იყო და არის“.

გირჩევთ ასევე:

მშრომელი თუ დამსაქმებელი – ვინ მიიღებს გამოთავისუფლებულ საშემოსავლოს