საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, დეპოზიტების დოლარიზაციის დონე ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი.
ბანკის თქმით, იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 20 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაზარდა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის აზრით, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებს სესხებს გაუძვირებს. მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომერციული ბანკი მოიძიებს უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს, მას სესხად ვერ გასცემს.
“ამ გაყინული ფულის “შოვნაში” ბანკი პროცენტებს იხდის. ეს მისთვის ხარჯია. ამ ზიანის კომპენსირებას ის გაუყინავი ფულის გასესხებისას პროცენტის ზრდით იკომპენსირებს, ანუ კლიენტის ხარჯზე.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ დარეზერვების ნორმის ზრდა მოახდინა დოლარებში სესხის გაცემის შესაზღუდად, ანუ მიზანი აკვიატებული ე.წ. ლარიზაციის ხვედრითი წილის გაზრდაა, ანუ დოლარიზაციის შემცირება.
ლარის გაუფასურების მოსალოდნელი საფრთხის პირობებში ეს გადაწყვეტილება არის არასწორი”,- აღნიშნავს გოცირიძე.
ყოფილი დეპუტატის აზრით, სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა იმიტომ მიიღო, რომ რეზერვების მოცულობამ ოქტომბრის თვეში მკვეთრად იკლო, ამ გზით კი შესაძლებელია მისი შევსება დაახლოებით 350 მილიონი დოლარის ოდენობით.
თუმცა გოცირიძე განმარტავს, რომ ამ მეთოდით რეზერვების ზრდა ფიქტიურია, რადგან ამ სახით ფორმირებული რეზერვები წმინდა რეზერვები არ არის, ის მხოლოდ ქაღალდზე ალამაზებს სურათს. ეს ფული ეროვნული ბანკის ვალია კომერციული ბანკების მიმართ.
“პარადოქსი ის არის, რომ გასული წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 25 პროცენტის ნაცვლად 20 პროცენტამდე შეამცირა აღნიშნული ნორმატივი და ამით თავი მოიწონა, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს გამოვათავისუფლებთ საკრედიტო რესურსების სახით, რითაც ეკონომიკის სტიმულირებასაც მოვახდენთ და სესხზე პროცენტის დაწევასაც შევუწყობთ ხელსო.
რეზერვების კრიტიკულ ნიშნულზე დაბლა შემცირების მიზეზი კი ყველამ კარგად ვიცით. ეს “ქართული ოცნების” უპაუხისმგებლო, ანტიდასავლური და პრორუსული საარჩევნო კამპანიით იყო გამოწვეული. მისი ნაწილობრივ აღდგენის მცდელობა ბიზნესს გაძვირებულ კრედიტებად დაუჯდება, ხოლო დეპოზიტარებს – შემცირებულ საპროცენტო შემოსავლად”, – აცხადებს გოცირიძე.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, ერთ თვეში, ოფიციალური სარეზერვო აქტივები 627,5 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. აქედან 640,5 მილიონით შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები, 24 მილიონით გაიზარდა საერთაშორისო რეზერვები ოქროში. ამავე ნიშნულზე სავალუტო რეზერვები ბოლოს 2022 წლის მარტში იყო.
არჩევნების თვეში სავალუტო რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა