ახალი ამბები

პროკურორი: უკვე მერამდენედ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჩაშალა დაკითხვის პროცესი

28 თებერვალი, 2017 • 2972
პროკურორი: უკვე მერამდენედ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჩაშალა დაკითხვის პროცესი

პროკურის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დაკავებულმა დეკანოზმა განგებ აარიდა დაკითხვის პროცესს თავი. მისი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკითხვის გაგრძელების საშუალებას აძლევდათ, თუმცა დეკანოზმა “დაკითხვა ჩაშალა”:

“უკვე მერამდენე შემთხვევაა, ბრალდებულმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი. აბსოლუტურად ნორმაშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ კიდევ ერთხელ ჩაშალეს დაკითხვა. მოგეხსნებათ, რომ იდეალურ მდგომარეობაში შეიძლება ვერ იყოს ბრალდებული და სტრესი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც საათების განმავლობაში ხვდება ადვოკატს და ესაუბრება, რატომ არ შეუძია ჩვენთან შეხვედრა და საუბარი. ვფიქრობ, მან უბრალოდ თავი აარიდა ჩვენს შეკითხვებზე პასუხების გაცემას”, – განაცხადა პროკურორმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან  საუბრისას.

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატების ინფორმაციით, დღეს, 28 თებერვალს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამალაძის დაკითხვა ვერ მოხერხდა. გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლეს.

მიხეილ რამიშვილი ჰყვება, რომ პროკურორების მოსვლამდე, კონსულტაციას გადიოდა დაკავებული დეკანოზი მასთან. პროკურატურის წარმომადგენლების მოსვლიდან 15 წუთში, დეკანოზმა ექიმთან გასინჯვის გადაყვეტილება მიიღო, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.

“ექიმთან მეც გავედი და შევეკითხე ექიმს ტემპერატურა, რომელიც 35.4, ჰქონდა. წნევა ჰქონდა საკმაოდ დაბალი, 90/60.  შევეკითხე ექიმს, ოთარ ტრაპაიძეს, მიგაჩნიათ, რომ მისი დაკითხვა შესაძლებელიათქო. მან მიპასუხა, რომ გადადება სჯობდა”. – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მისივე თქმით, როცა იგივე კითხვა მან ექიმს პროკურორის თანდასწრებით დაუსვა, უკვე ექიმმა განაცხადა, რომ დეკანოზის დაკითხვა შესაძლებელი იყო.

დეკანოზის დაკითხვა 27 თებერვალს, გვიან ღამემდე გაგრძელდა. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გამოძიებას დაკავებულთან კიდევ ბევრი შეკითხვა დარჩა.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება. პროკურატურა მასთან პირველად 27 თებერვალს მივიდა დასაკითხად.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი