ადვოკატი: დეკანოზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაკითხეს

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატების ინფორმაციით, დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამალაძის დაკითხვა ვერ მოხერხდა. გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლეს. ადვოკატების თქმით, დაკითხვა არ გადადებულა დეკანოზის ან დაცვის მხარის სურვილით.

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დასვენება ექიმმა ურჩია და მას თავად არ უთქვამს უარი დაკითხვაზე:

“პროკურატურა გამოდის და ოქმს აკეთებს შემდეგი შინაარსით, რომ თურმე მამა გიორგი უარს იძახის [დაკითხვაზე]… ადამიანი შეუძლოდაა და ამათ მიაჩნიათ, ჩვენს გენიალურ პროკურატურას, რომ არ არსებობს, შეუძლებელი არაფერი ყოფილა. შეუძლებელია მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანის დაკითხვა.”

დეკანოზის დაკითხვა 27 თებერვალს, გვიან ღამემდე გაგრძელდა. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გამოძიებას დაკავებულთან კიდევ ბევრი შეკითხვა დარჩა.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება. პროკურატურა მასთან პირველად 27 თებერვალს მივიდა დასაკითხად.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი