ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს

28 თებერვალი, 2017 • 4474
“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს. ამ სხდომაზე დეპუტატები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილავენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსი” ცვლილებეთა პაკეტს მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მათ შენიშვნებს  არ ითვალისწინებს და სხდომაში მონაწილეობას აზრი არ აქვს:

“ჩვენი შენიშვნები არ გაიზიარეს. უმრავლესობა მაინც ისეთ ვარიანტს მიიღებს, რაც თვითონ აწყობს. ნაციონალური მოძრაობა ისევ საპროცედურო ომს გამოაცხადებს და ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებთ,” – აღნიშნავს ინაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 1 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

განკარგულების მიხედვით, სხდომაზე მხოლოდ ერთ საკითხს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

24 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და 84  ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, თუ პარლამენტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებს  არ გაასწორებს, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმეორედ მიმართოს.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.  სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

„ეს შენ გეხებას“ წევრები თვლიან, რომ თუკი უმრავლესობა მხარს დაუჭერს იურიდიული კომიტეტის მიერ წარმოდგენილ მოდელს, ხელისუფლება შეუსრულებელს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. კანონის დამტკიცების შემთხვევაში ისინი  სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი