ახალი ამბები

პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე კანონპროექტი II მოსმენით მიიღო

24 თებერვალი, 2017 • 4911
პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე კანონპროექტი II მოსმენით მიიღო

დღეს, 24 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და 84  ხმით 5-ის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვილებათა პაკეტს.

თავდაპირველად, პარლამენტმა კენჭი საპარლამენტო უმცირესობის ალტერნატიულ წინადადებებს უყარა. მათი ინიციატივის მიხედვით, უნდა შექმნილიყო პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანო, რომლის ხელშიც იქნებოდა მოსმენისთვის საჭირო ე.წ. გასაღები, თუმცა ინიციატივა პარლამენტმა 4 ხმით 76 წინააღმდეგ ჩააგდო.

პაკეტს მხარი არ დაუჭირა “პატრიოტთა ალიანსმა”. ადა მარშანიას განცხადებით, ცვლილებების პაკეტით უზრუნველყოფილი არ არის ფარული მიყურადების განმხორციელებელი სტრუქტურის დამოუკიდებლობა.

პლენარული  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმცირესობამ.  ეკა ბესელიას ინიციატივით და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტმა  პაკეტში შემავალ მთავარი კანონპროექტი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ არა მუხლობრივად და დეტალურად, არამედ თავების მიხედვით განიხილა. სწორედ ამის გამო დატოვეს სხდომა “ევროპული საქართველოს” წევრებმა.

პარლამენტი ცვლილებების პაკეტს მთელი დღის განამვლობაში განიხილავდა. შედეგად, მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა. კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს უფროსის წარდგინებით სააგენტოს უფროსის მოადგილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ნიშნავდა. ისვე ამტკიცებდა  სააგენტოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

23 თებერვალს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 89 ხმით 20-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი