დადგენილება მოამზადა პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე.
დასკვნაში საუბარია დარღვევებზე, რომელიც თან ახლდა მშენებლობის პროცესს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ნებართვა პარლამენტის მშენებლობაზე გასცა ქუთაისის მერიამ, ნაცვლად სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობისა:
“ქუთაისის მერიამ (მისმა სამსახურებმა) არ იცოდა, რომ მათ კომპეტენციას არ წარმოადგენდა ამ ობიექტზე ნებართვის გაცემა და შესრულებული სამუშაოს დადასტურება, ამან კი თავის მხრივ გამოიწვია უფლებამოსილების აღრევა.
აღსანიშნავია ასევე, რომ მშენებლობის წარმოების მიმდინარეობის პროცესში არ არსებობდა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ხდებოდა ფაქტიური შესრულებული სამუშაოების მიხედვით დადასტურება, რასაც ადასტურებდა ქ. ქუთაისის მერია”, – ნათქვამია სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ მოხსენებით ბარათაში.
პარლამენტის მშენებლობის დაფინანსებას ახორციელებდა პირველ ეტაპზე ქუთაისის მერია (65,5 მილიონ ლარი), ხოლო მომდევნო ეტაპზე დამკვეთი ხდება კერძო სამართლის იურიდიული პირი, შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიურო”. სამუშაო ჯგუფმა გამოარკვია, რომ არც ამ ორგანიზაციას გააჩნდა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.
“შედეგად მივიღეთ დაუმთავრებელი სამუშაოები (ისიც არ ვიცით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო)”, – აღნიშნავს ზურაბ ტყემალაძე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მომზადებულ მოხსენებით ბარათში.
ამავე დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი მშენებლობის დაფინანსების საკითხი: კერძოდ, დაფინანსების ნაწილი (65.5 მილიონი ლარი) გადაიხადა ქუთაისის მერიამ, ხოლო დანარჩენი 272 მილიონი ლარი– შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“.
სამუშაო ჯგუფი ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული შპს-ს მიერ თანხების საკუთარ ანგარიშზე აკუმულირების კანონიერებას, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ “ბიუროს გადაეცემოდა სახელმწიფო ქონება პრივატიზაციის მიზნით, შეჰქონდა საწესდებო კაპიტალში და ახდენდა რეალიზაციას, თანხებს უკეთებდა აკუმულირებას და თავისი შეხედულებით ან „ზემდგომის“ დავალებით აფინანსებნდა სახელმწიფო ობიექტების მშენებლობას.”
სამუშაო ჯგუფმა ასევე საეჭვო გარემოებად მიიჩნია პარლამენტის მშენებლობის დაფინანსების კუთხით არსებული რეალობა:
“ქუთაისიის მერიისა და სამშენებლო კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის მშნებლობის სავარაუდო ღირებულება იქნება 1,5 მილიონი ლარი, ხოლო მომდევნო პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში 7–ჯერ შევიდა დამატება ხელშეკრულებაში და 1,5 მილიონი ლარი გაიზარდა 250 მილიონ ლარამდე, თუმცა, როგორც ცნობილია, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და დღეის მდგომარეობით მშენებლობაზე დახარჯულია დაახლოებით 360 მილიონი ლარი”, – აღნიშნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ.
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას ახორციელებდა კომპანია “მენო ინტერნეიშენალის” ქვეკონტრაქტორი ფირმა “მაგი სტილი”. ორივე კომპანიის მფლობელები არიან: ირაკლი ჩიქოვანი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე), გიორგი გეგეშიძე (ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი და 9%-ანი წილის მფლობელი) და გიორგი კურცხალია.