ახალი ამბები

ოხანაშვილი: ილია II-ს 10 თებერვალს შეატყობინეს, რომ დეკანოზი მის მოწამვლას გეგმავდა

26 თებერვალი, 2017 • 2329
ოხანაშვილი: ილია II-ს 10 თებერვალს შეატყობინეს, რომ დეკანოზი მის მოწამვლას გეგმავდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ ილია მეორეს 10 თებერვალს მიწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მოწამვლას გეგმავდა”.

“კურიერი პოსტკრიპტუმისთვის” მიცემულ ინტერვიუში სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ 10 თებერვალს მან თავად შეატყობინა ილია მეორეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებული იყო, თუმცა არ უთქვამს, თუ რა ბრალდებით იყო დაკავებული.

“მე მივედი მის უწმინდესობასთან და ვუთხარი, რომ მამა გიორგი მამალაძე დააკავეს, არის რაღაცა გაუგებრობა, პრობლემები, უნდა გავფრინდე და ადგილზე უნდა გავერკვე. სულ ეს იყო, რაც ვუთხარი. ისეთი მძიმე ბრალდება იყო, მაგას პატრიარქს ვერ ავუხსნიდი. მას ამზადებდნენ ოპერაციისთვის და ორი დღე იყო დარჩენილი ოპერაციამდე”, – ამბობს ოხანაშვილი.

სოსო ოხანაშვილის თქმით, პატრიარქს იმ დღესვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დეკანოზი მამალაძე მის მოწამვლას გეგმავდა, თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ ილია მეორეს, ოხანაშვილს არ დაუსახელებია.

ოხანაშვილის თქმით, ილია მეორეს ისიც უთხრეს, რომ ოხანაშვილი იმიტომ გამოიძახა თბილისში პროკურატურამ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა და გამოძიებას ოხანაშვილთანაც ჰქონდა კითხვები.

“ამის შესახებ როცა გავიგე, ძალიან ვინერვიულე და ჩავთვალე, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა პატრიარქის მიმართ, იმიტომ, რომ 2 დღეში უნდა გაეკეთებინა ოპერაცია… როდესაც პატრიარქმა ამ საქმის შესახებ შეიტყო, ყოველ 15 წუთში მირეკავდნენ, “პატრიარქი კითხულობს, რა ხდება?” რა თქმა უნდა, ძალიან ნერვიულობდა, იმდენად განიცადა ეს ფაქტი, რომ როდესაც პროფესორმა გაიგო, ასე თქვა, რომ ასე თუ გააგრძელებთ, მოგიწევთ ოპერაციის გადადება”, – ამბობს ოხანაშვილი.

ილია მეორის დაცვის ყოფილი უფრო აცხადებს, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი