თევდორაძემ მოითხოვა, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ აღნიშნული საკითხი, თუმცა კომიტეტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკითხი დღეს არ განიხილეს.
უმრავლესობამ თევდორაძეს მოუწოდა, თვითმმართველობებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტების შესახებ მიეწოდებინა დოკუმენტები. მათი თქმით, მხოლოდ ამის მერე იქნება შესაძლებელი საკითზე უფრო სიღრმისეული საუბარი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, უმცირესობამ სხდომაზე საკითხი მოუმზადებლად შეიტანა.
„საუბრობენ ზეწოლის ფაქტებზე და ქაღალდზე არ უწერიათ ერთი ფაქტიც კი. ჩვენ ვთხოვეთ, რომ თუ არის ზეწოლის ფაქტები, მოგვიტანეთ დაწერილი, არ გთხოვთ ფარულ ჩანაწერებს. როცა კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ზეწოლის ფაქტები არის სხვადასხვა მხრიდან, ეს გულისხმობს იმას, რომ ზოგან „ნაციონალები“ ზემოქმედებენ, ზოგან ჩვენი წარმომადგენლები. ჩვენ ამ საკითხს არ ვუდგებით განსხვავებული ნიშნით, მიგვაჩნია, რომ ორივე შემთხვევა უნდა იყოს განხილული, ოღონდ სათანადო წესით წარმოდგენილი ფაქტების შემთხვევაში“.
თავის მხრივ, თევდორაძე აცხადებს, რომ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე სხდომას მოიწვევენ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ:
„ჩვენგან არაერთხელ იყო კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი. გვქონდა სურვილი, რომ კომიტეტს ერთიანი მიმართვა, ერთიანი პოზიცია ჩამოეყალიბებინა აღნიშნულ საკითზე, ვინაიდან ამ ადამიანების უფლებები 2014 წლამდე კონსტიტუციით არის განსაზღვრული. და ვფიქრობთ, სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ქვეყნისთვის ნორმალურად და შეუფერხებლად მუშაობა. სამწუხაროდ, ეს საკითხი არ იქნა დღის წესრიგში ჩასმული, მაგრამ ჩვენ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე სხდომას მოვიწვევთ მხოლოდ ამ საკითხზე სასაუბროდ“.