ახალი ამბები

ხარვეზები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში პატიმართა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

20 ნოემბერი, 2012 • 1433
ხარვეზები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში პატიმართა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 20 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამართა.

კვლევა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაცია – კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის და დამოუკიდებელი ადვოკატების მიერ წარმოებულ 23 საქმის ანალიზს ეფუძნება.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომისია, რომელსაც პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა ევალება, განცხადებების დროულ განხილვას ვერ უზრუნველყოფს, რადგან არ არის განსაზღვრული განცხადების განხილვის, ექიმების მიერ საქმის შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების ვადები.


“პატიმრობის კოდექსი და სასხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის გადავადებისა და სასჯელისგან გათავისუფლებისთვის განსხვავებულ პირობებს ადგენს; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დამატებით მოითხოვს, რომ მძიმე ავადმყოფობა ხელს უნდა უშლიდეს სასჯელის მოხდას.  თუ რა იგულისხმება სასჯელის მოხდის ხელის შეშლაში, არ არის დაკონკრეტებული არც კანონმდებლობაში და არც სასამართლო გადაწყვეტილებებშია განმარტებული”, – აღნიშნულია კვლევაში.


კვლევაში წარმოდგეინლი არც ერთი საქმე კომისიას არ განუხილავს, კომისიის მიერ საქმის განხილვამდე რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა. კვლევაში წარმოდგენილ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასჯელის გადავადების მოთხოვნები იმ მოტივით, რომ დაავადება მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში არ უშლიდა ხელს, მაშინ, როდესაც ერთ-ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამოტანისას მსჯავრდებული რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

 

“ცხადია, რომ არსებული პრობლემური სიტუაცია გამოწვეულია, როგორც ხარვეზიანი საკანონმდებლო ბაზით, ასევე მახინჯი პრაქტიკით.  კვლევაში მოყვანილი საქმეები კანონმდებლობის ანალიზთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ საკითხის შესწავლასა და შესაბამისი ზომების მიღებას”, – აღნიშნულია კვლევაში.  საქართველოს ახალგაზრდა კიურისტთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს,  მონაწილეობა მიიღოს რეკომენდაციების შემუშავებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გადაჭრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი