ახალი ამბები

ლაზიკისთვის 13. 300 000 ლარი დაიხარჯა

20 ნოემბერი, 2012 • • 1032
ლაზიკისთვის 13. 300 000 ლარი დაიხარჯა

აღნიშნული ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 19 ნოემბერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიიღო. წერილის მიხედვით, “საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის 499 განკარგულების საფუძველზე, შპს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ”  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (ანაკლია) უზრუნველყო რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კერძოდ კი, პირსის და მონუმენტის მოწყობა, ბულვარის მოწყობა, მისასვლელი გზის მოწყობა, რაზეც სულ დახარჯულია 13.300 000 ლარი. 

 

სამინისტროს პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ ინახება სხვა ინფორმაცია ლაზიკაში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით.

 

შეგახსენებთ, რომ,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2012 წლის 5 სექტემბერს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქის– “ლაზიკის”  მშენებლობის პროექტების, გეგმების და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ოდენობის შესახებ. სამინისტროს 11 სექტემბრის პასუხში, რომელსაც ხელს მაშინდელი მინისტრის პირველი მოადგილე ჯანსულ ბაკურაძე აწერს, აღნიშნულია, რომ სამინისტროს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაციაა “ლაზიკის” მშენებლობის შესახებ. 

 

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 2012 წლის 1 იანვრიდან 27 ივლისამდე ლაზიკაში დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სამეგრელოს გუბერნატორმა პრეზიდენტის ფონდისგან  600 000 ლარი მიიღო. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი