ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა

24 თებერვალი, 2017 • 2437
“ევროპულმა საქართველომ” პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა

უმცირესობამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განიხილავდნენ.

ეკა ბესელიას ინიციატივით და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტი  პაკეტში შემავალ მთავარ კანონპროექტს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ არა მუხლობრივად და დეტალურად, არამედ თავების მიხედვით განიხილავს. სწორედ ამის გამო დატოვეს სხდომა “ევროპული საქართველოს” წევრებმა.

“დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ  ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის სუს-ის ნოტარიუსად ქცევას. ამ ინიციატივით პარლამენტში მთელი საკანონმდებლო პროცესი გახდა ფარსი. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომლის მეორედ მოსმენით განხილვაზე პარლამენტმა უარი განაცხადა. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას,” – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

სხდომაზე ამ დრომდე რჩებიან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრები.

23 თებერვალს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 89 ხმით 20-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და შესაძლოა, დღეს, 24 თებერვალს მეორე და მესამე მოსმენაც გაიმართოს და კანონი დაამტკიცონ.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი