ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო

24 თებერვალი, 2017 • 2024
სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამტყუნა ყოფილი შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეში. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულმა ივანე მერაბიშვილმა საჩივრით მას შემდეგ მიმართა, რაც 2016 წლის 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის და,  2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით.

სასამართლოს განაჩენით, 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მერაბიშვილთან ერთად განაჩენით დამნაშავედ ცნეს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე. თითოეულს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მათვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის, ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

პროკურატუყრის ცნობით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა, მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს.

პროკურატურის ცნობით, დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის, ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას,  მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება,  რის შემდეგაც  თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით  სასტიკად სცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი.

მასალების გადაბეჭდვის წესი