ახალი ამბები

სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილი, კოდუა და სირაძე დამნაშავედ ცნო

22 სექტემბერი, 2016 • 2529
სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილი, კოდუა და სირაძე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 22 სექტემბერს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე.

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსს, გია სირაძეს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

“საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელშიც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა წართმეული ქონების გამო და შეურცხმყოფელად იხსენიებდა საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით მისი ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა შს სამინისტროს იმჟამინდელ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, რომელმაც თავის მხრივ დავალება მისცა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას, მან კი, ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს, გია სირაძეს. 2005 წლის 14 ივლის, სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლებმა მოახდინეს ვ. გელაშვილს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, თავს დაესხნენ მას და მის თანხმლებ პირებს, ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სცემეს. ცემის შედეგად ვ. გელაშვილმა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებისა და საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს „ამნისტიის შესახებ „ საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო ივანე მერაბიშვილს, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სამივე მსჯავრდებულს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ასევე ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით. ამ დროის განმავლობაში მსჯავრდებულებს აეკრძალათ დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში,”- აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს ბრალად ედებოდათ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე, ჯგუფურად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ივანე მერაბიშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ასევე ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის დამახინჯება.

პროკურატურის ცნობით, ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით  თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებითად იხილება  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 10 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი