ახალი ამბები

მიტროპოლიტი დიმიტრი შორენა თეთრუაშვილისადმი ბრალდებებზე: არანაირი კლანური მმართველობა არ ვიცი

23 თებერვალი, 2017 • 2459
მიტროპოლიტი დიმიტრი შორენა თეთრუაშვილისადმი ბრალდებებზე: არანაირი კლანური მმართველობა არ ვიცი

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) არ ეთანხმება მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოში ადგილი აქვს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მხრიდან კლანურ მმართველობას, რომელშიც მოიაზრებიან ქორეპისკოპოსები, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი.

“არანაირი კლანური მმართველობა არ ვიცი, ის არის პატრიარქის მდივანი-რეფერენტი და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და წმინდა სინოდი. მე ეს ვიცი და მე ჩემი ეპარქიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ შორენა იქნება თუ სხვა ვინმე, არანაირი უფლება არა აქვს, დამირეკოს და რაიმე მიკარნახოს, ასევე, მეუფე პეტრეს თავის ეპარქიაში”, – უთხრა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მიტროპოლიტმა პეტრემ დღეს შორენა თეთრუაშვილს უწოდა “შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა”.

შორენა თეთრუაშვილის მიტროპოლიტის ბრალდებებს არ პასუხობს. მან ჯერ კიდევ ბერლინში ყოფნის დროს პირველ არხს განუცხადა, რომ მიტროპოლიტი პეტრე არა მის შესახებ, არამედ სხვა პირზე საუბრობს და მეტი საუბარი არ ისურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი